თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მსოფლიო თასის გათამაშებაზე ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
კორეის ქალაქ ბუსანში მიმდინარეობს მსოფლიო თასი ეტლით ფარიკაობაში და ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი. 27 ქვეყნიდან ტურნირებში 300 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. მონაწილეები მიიღებენ ქულებს 2024 წლის პარიზის პარალიმპიადაზე მოსახვედრად.
ქართველი პარამოფარიკავეები ორ დისციპლინაში - რაპირასა და ხმალში გამოდიან. დღეს ეტლით მოფარიკავეებმა, ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ხმალში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მედლები მოიპოვეს.
ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ირმა ხეცურიანმა - ბრინჯაოს.
გუშინ კი თიბილაშვილმა ნაკრების ყულაბას რაპირაში ბრინჯაოს მედალი შემატა. ნახევარფინალში მოფარიკავე იტალიელ ანდრეა მოგოსთან ანგარიშით 7:15 დამარცხდა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრების ყულაბაში სამი მედალია.