სეტყვა და ძლიერი ქარი: კახეთის სამ მუნიციპალიტეტში მოსავალი განადგურდა

სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად განადგურებულია ვენახები, სასოფლო-სამეურნეო ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. კახეთში უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა, იუწყება „პირველი არხი“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაღრაანში, ფიჩხოვანსა და არგოხში - ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო ფართობები, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. ქარმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები და მოგლიჯა ხეები.
თელავის მუნიციპალიტეტში ლალისყურსა და ფშაველს, ხოლო გურჯაანში ვაჩნაძიანში, კალაურში, კახიფარში, ვაზისუბანში, შაშიანსა და ველისციხეში სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად განადგურებულია ვენახები, სასოფლო-სამეურნეო ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები.
სეტყვამ დააზიანა სახლის სახურავები და მანქანები. ძლიერმა ქარმა დააზიანა ხეხილი და ერთწლოვანი კულტურები, ფესვიანად მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.
კახეთის გუბერნატორის ხელმძღვანელობით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.
„დილიდან სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში დაიწყება ზიანის აღრიცხვა, რათა დროულად მოვახდინოთ დაზიანებული სახურავების შეკეთება. ასევე, კომუნიკაციაში ვართ „რთველი- 2023“ შტაბთან, რათა დროულად მოხდეს დაზიანებული ყურძნის მოსავლის ჩაბარება ღვინის ქარხნებში“, – განუცხადა „პირველ არხს“ კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ალადაშვილმა.