რთველი 2023 - რამდენი ყურძენია გადამუშავებული დღეის მდგომარეობით

ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ რთველი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. კახეთის რეგიონში, რთველი 2023-ის ფარგლებში გადამუშავებულია 8 ათას ტონამდე ყურძენი, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადამუშავებული ყურძნიდან 3,6 ათას ტონამდე რქაწითელი, 3 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
„რთველი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. ეს პირველ რიგში ეხება სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს, სადაც ტრადიციულად ადრე მწიფდება ყურძენი“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 170 ღვინის საწარმო, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.
„ძალიან აქტიურობს კერძო სექტორი, რაც დადებითი მოვლენაა, რომ სახელმწიფო ნაკლებად ერევა ყურძნის შესყიდვის პროცესში. თუმცა, სახელმწიფო მზად არის მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს“, - განაცხადა მეხუზლამ.
მისი თქმით, მომავალი კვირიდან მოსავლის დაბინავების პროცესში ჩაერთვებიან სხვა მუნიციპალიტეტები და რთველი უფრო აქტიური იქნება კახეთის რეგიონის მასშტაბით.
მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200 ათასი ტონის ფარგლებშია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველი 2023-ის ფარგლებში, სახელმწიფო რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას განახორციელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, 25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის" და/ან „კახური მწვანის" ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1 კგ „რქაწითელისა" და 1 კგ „კახური მწვანისთვის" 20 თეთრს შეადგენს.
გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმო მზად არის მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა, და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.
„რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს უწევს ორგანიზებას, თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა.