„რეალის“ მაისურით: მადრიდის კლუბის ფანები კვარაცხელიაზე ოცნებობენ

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. მადრიდის „რეალის" გულშემატკივრებს იტალიური 1ნაპოლის" ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მადრიდულ კლუბში გადაყვანა სურთ, ამის შესახებ გამოცემა Areanapoli-ში გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი.
ცნობილია, რომ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „რეალს" წინააღმდეგ ითამაშებს. მონაკოში 2023/24 სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის მიხედვითაც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მადრიდის „რეალთან“ ერთ ჯგუფში მოხვდა.
მადრიდის რეალის გულშემატკივრები უკვე აქტიურად განიხილავენ ამ შეხვედრას სოციალურ ქსელებში. მათი კომენტარებიდან ირკვევა, რომ ესპანელები პატივს სცემენ მეტოქეს, თუმცა თავს ფავორიტად მიიჩნევენ „ნაპოლისთან“ დაპირისპირებაში.
„ნაპოლი“ არის გუნდი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ მაშინაც კი, თუ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ... არ იქნება ადვილი ჯგუფი, „ნაპოლის“ სამი ფენომენალური მოთამაშე ჰყავს – ოსიმენი, კვარაცხელია და დი ლორენცო. „კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელიც გვსურს, რომ მომავალ წელს „რეალის“ მაისურით ვიხილოთ“, - წერენ „რეალის“ ქომაგები.
ხვიჩა კვარაცხელია ბევრი საფეხბურთო კლუბისთვის კვლავ „გემრიელ ლუკმად“ რჩება. ამ ზაფხულს იყო საუბარი იმაზე, რომ ინგლისური „ნიუკასლი“ იმდენად დაინტერესებულია „ნაპოლიდან“ ქართველი ნახევარმცველის შეძენით, რომ მზადაა გადაიხადოს კლუბისთვის რეკორდული თანხა - 107 მილიონ დოლარამდე.
ხვიჩა კვარაცხელია
კვარაცხელიას შეძენით დაინტერესებულ ევროპულ კლუბებს შორის იყვნენ მადრიდის „რეალი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „მანჩესტერ სიტი“. იტალიური მედია პრემიერ ლიგაში შესაძლო ტრანსფერზე ჯერ კიდევ ზამთარში საუბრობდა.
კვარაცხელიას კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2028 წლის ივნისამდეა გათვლილი.