თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. აფრიკის კავშირის საბჭომ (AU) გაბონს, სადაც სამხედრო გადატრიალება მოხდა, ორგანიზაციის წევრობა შეუჩერა.
„ორგანიზაცია მტკიცედ გმობს ხელისუფლების სამხედრო გზით მიტაცებას გაბონში. საბჭომ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს გაბონის მონაწილეობა აფრიკის კავშირის ყველა საქმიანობაში, მის ორგანოებსა და ინსტიტუტებში ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენამდე“, — ნათქვამია AU-ს კომუნიკეში.
გასულ კვირაში გაბონში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 64 წლის ალიბონგო ონდიმბამ გაიმარჯვა — უკვე მესამედ. აღსანიშნავია, რომ ონდიმბას ოჯახი ქვეყანას უკვე 56 წელია მართავს. მანამდე, 1967 წლიდან გაბონის პრეზიდენტი ონდიმბას მამა, ომარ ბონგო იყო.
არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კომენდანტის საათისა და გათიშული ინტერნეტის პირობებში გაიმართა. 30 აგვისტოს კი გაბონელმა სამხედროებმა გააუქმეს არჩევნების შედეგები, დაშალეს ხელისუფლების ყველა ორგანო და ჩაკეტეს ქვეყნის საზღვრები. ამბოხებულებმა პრეზიდენტი ონდიმბა შინაპატიმრობაში დატოვეს, ხოლო მისი ერთ-ერთი ვაჟი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს.