საეკლესიო კალენდარი: 1 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 სექტემბერს მოწამე ანდრია სტრატილატის და მისთანა 2593 მოწამეთა, მოწამეთა: ტიმოთეს, აღაპისა და თეკლას, წმიდა. პიტირიმის, პერმის ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს
Sputnik
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი და მის თანა ორიათასხუთასოთხმოცდაცამეტი მოწამე
წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი რომაელთა ლაშქარში მსახურობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. მას ნათლისღება ჯერ არ მიეღო, მაგრამ მტკიცედ სასოებდა იესო ქრისტეს. თავისი სიმამაცის, ძლევამოსილებისა და სამართლიანობისთვის ანდრია ყველას ძლიერ უყვარდა.
მოშურნეებმა მმართველს მოახსენეს, რომ იგი ქრისტიანი იყო და თავისი რაზმიც ქრისტიანობაზე მოაქცია. წმიდანი სამსჯავროზე იხმეს და საწამებლად გადასცეს. უსჯულო თვითმპყრობელმა იცოდა, თუ როგორ უყვარდა ლაშქარს წმიდა ანდრია, შეეშინდა ამბოხისა და ბრძანა, გაეთავისუფლებინათ მოწამეები, შემდეგ კი სხვადასხვა საბაბით ცალ-ცალკე მოეკლათ.
საპყრობილიდან გამოსულმა აღმსარებლებმა ქალაქ ტარსოსს მიმართეს და აქ ადგილობრივი მღვდელმთავრის, პეტრესა და ბერიის ეპისკოპოსის, ნონეს ხელით ნათელიღეს. შემდგომ ქრისტეს ტარიგებმა ტაქსანატად წოდებულ ადგილას გადაინაცვლეს. ანტიოქოსმა კილიკიის ოლქის მმართველ სელევკუსს ამცნო, დასწეოდა მეომრებს და თითქოსდა საბრძოლო დროშების დატევებისათვის, ყველანი ამოეჟლიტა. წმიდა ანდრია თავისი რაზმით მდევარს სომხეთის სანახებში, ქალაქ ტაბრში დაბანაკებული დაუხვდა - გამოცხადების მიხედვით ისინი სწორედ აქ უნდა აღსრულებულიყვნენ მოწამეობრივად. ანდრიამ თავის მხედრებს მოუწოდა, არ შეშინებოდათ სიკვდილის; ილოცა ყველასათვის, ვინც მათ ხსოვნას პატივს მიაგებდა და უფალს შესთხოვა, მაკურნებელი წყარო აღმოეცენებინა იმ ადგილას, სადაც მათი სისხლი დაიღვრებოდა. ამ ლოცვის დროს მოწამეები, რომლებიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ მომხდურთ, მახვილებით აჩეხეს (+დაახლ. 302).
წმიდა მოწამენი: ტიმოთე, აღაპი, თეკლე
წმიდა მოწამენი ტიმოთე, აღაპი და თეკლე 304 წელს ეწამნენ. წმიდა ტიმოთე პალესტინის კესარიის ქალაქ ღაზაში დაიბადა. მან შეისწავლა საღმრთო წერილი და თავისი ქადაგებით მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის წლებში ნეტარი მარტვილი შეიპყრეს და მმართველი ურბანოსის სამსჯავროზე წარადგინეს. წმიდა მოწამე სასტიკად აწამეს, ბოლოს კი, როცა მის მოუდრეკლობაში დარწმუნდნენ, ცეცხლში შეაგდეს და დაწვეს.
იმავე ქალაქში და იმავე წელს ეწამნენ ქრისტესთვის წმიდა აღაპი და თეკლა. ისინი მტარვალებმა ველურ მხეცებს დააგლეჯინეს.
წმიდა პიტირიმმა, ველიკოპერმელმა ეპისკოპოსმა, მოწამეობრივად აღსრულებული მღვდელმთავრის, გერასიმეს (+1441 წლის შემდგომ; ხს. 24 იანვარს) შემდეგ ჩაიბარა ველოკომპერის საეპისკოპოსო კათედრა. მანამდე ნეტარი მამა არქიმანდრიტის ხარისხში წინამძღვრობდა ჩუდოვოს მონასტერს. მოგვიანებით მან შექმნა კანონი მოსკოველი მიტროპოლიტის, წმიდა ალექსისა (ხს. 12 თებერვალს) და შეკრიბა ცნობები მისი ცხოვრების შესახებ. წმიდა პიტირიმის მოციქულებრივი ღვაწლი მალე დაეტყო ეპარქიაში შემავალ წარმართთა ცხოვრებას და ნელ-ნელა, მათი ქრისტიანობაზე მოქცევის პარალელურად, სისხლისღვრამაც იკლო.
წმიდანის ღვაწლით გაავებული ვოგულთა ტომის წარმართი მეთაური ასიკა, რომელიც თანდათან კარგავდა გავლენას ხალხზე, ერთხელ თავს დაესხა მღვდელმთავარს და სიცოცხლეს გამოასალმა. ორმოცი დღის განმავლობაში ესვენა წმიდა პიტირიმის გვამი პაპანაქება სიცხეში, მაგრამ ხრწნილება არ მიჰკარებია. იგი დაკრძალეს უსტ-ვიმის ხარების საკათედრო ტაძარში.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით