„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

კონსტიტუციის დარღვევა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის ერთ-ერთი საფუძველია.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ზურაბიშვილი, მთავრობის მხრიდან უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მმართველმა პარტიამ ამას საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა უწოდა. ეს კი არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის ორი საფუძველიდან ერთ-ერთი.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა", – განაცხადა კობახიძემ.

პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში.

„შესაბამისად, კონსტიტუციის ტექსტი მისი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის მინიმალურ სივრცესაც კი არ ტოვებს", – აღნიშნა კობახიძემ.

პარტიის ლიდერის განცხადებით, პრეზიდენტს აქვს საქართველოს მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება.

„საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს – ეს არის იმპიჩმენტი", – განაცხადა პოლიტიკოსმა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში შეუძლებელია იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა.

„იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და, შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. ამის მიუხედავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა", – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის თანხმობაა საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობას სულ 84 ადგილი აქვს, მაშინ როცა იმპიჩმენტისთვის 100 ხმაა საჭირო.
2023 წლის შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტი გეგმავდა ვიზიტებს გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში და დანიაში. მთავრობამ მას ყველა ვიზიტზე უარი უთხრა.
ხუთშაბათს, 31 აგვისტოს ზურაბიშვილმა თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა შეხვედრა.