მსოფლიო დღეს

Seneweb: სენეგალის არმია ნიგერში შესაჭრელად ემზადება

Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. სენეგალის არმია ბენინში განსათავსებლად ემზადება ნიგერში შესაძლო ინტერვენციის მიზნით, იუწყება Seneweb წყაროებზე დაყრდნობით.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ავიაკომპანია Air Senegal-ს 900 ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის გადაყვანა დაევალა ქალაქ კოტონუში (ბენინი), რომელიც ECOWAS-ის (დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური თანამეგობრობა) ინტერვენციული ჯარების ზურგის ბანაკად იქცევა.
სენეგალმა ქალაქ ტიესში ძალების მობილიზება 11 აგვისტოდან დაიწყო. მის გარდა, ნიგერში სამხედრო გადატრიალების შემდეგ კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ჯარების გაგზავნის ვალდებულება აიღეს კოტ-დ'ივუარმა და ბენინმა.
როგორც კოტ-დ'ივუარის პრეზიდენტმა ალასან უატარამ განაცხადა, მისი ქვეყანა მზად არის ბატალიონის გადასასროლად დაახლოებით 1100 ჯარისკაცის შემადგენლობით.
ივლისის ბოლოს ნიგერელმა სამხედროებმა პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი ხელისუფლებას ჩამოაშორეს და სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭო (CNSP) ჩამოაყალიბეს. დასავლეთის ქვეყნების უმეტესობის ლიდერებმა და რეგიონულმა ორგანიზაცია ECOWAS-მა გადატრიალება დაგმეს. აგვისტოს დასაწყისში ECOWAS-ის ქვეყნების შეიარაღებული ძალების გენშტაბების უფროსებმა ნიგერში სავარაუდო სამხედრო ინტერვენციისთვის გეგმა მიიღეს.
ECOWAS-ის ქვეყნები ნიგერის ჩამოგდებული პრეზიდენტის მოჰამედ ბაზუმის გათავისუფლებასა და მისთვის ძალაუფლების დაბრუნებას მოითხოვენ. 19 აგვისტოს ECOWAS-ის ქვეყნების დელეგაცია ნიგერში ჩავიდა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ, როგორც AP იუწყება, მოლაპარაკება ჩავარდა — გამოსავალი ვერ მოიძებნა.