ევროკავშირი კვლავაც ყიდულობს რუსულ ენერგორესურსებს

სინამდვილეში ევროპა კვლავაც განაგრძობს ნახშირწყალბადების შეძენას რუსეთისგან, ოღონდ ახლა ამას ხან მორცხვად აკეთებს, ხან ფარულად, მიაჩნია რუს მიმომხილველს.
Sputnik
სერგეი სავჩუკი
ამჟამად ყველაზე ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი ევროპულ ტურნეს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც მან უკვე მოახერხა სერბეთის პრეზიდენტისგან ინტერვიუს აღება, გუშინ კი უნგრეთის ლიდერთან საუბარი გამოაქვეყნა.
ვიქტორ ორბანი საკუთარი თავის ერთგული აღმოჩნდა და მაშინვე შევიდა შიდაევროპული პოლიტიკური სკანდალის მწვავე პიკში. სხვა საკითხებთან ერთად, მან ასევე განაცხადა, რომ უნგრეთი და სერბეთი რუსული გაზის მარშრუტების მუშაობაში ჩარევის ნებისმიერ მცდელობას ომის საბაბად აფასებენ.
ძალიან გამჭვირვალე დიპლომატიურ თარგმანში ეს ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მაგისტრალ „თურქული ნაკადის" აფეთქებას ან სხვაგვარად გათიშვას შეეცდება, ბუდაპეშტი და ბელგრადი მზად არიან, იარაღითა და ჯავშანტექნიკის ჩართულობით იბრძოლონ მილსადენისთვის.
როგორც საუბრის ბოლოს განაცხადა ორბანმა, დარწმუნებულია, რომ მისი გზავნილი „ვინც საჭიროა“, იმან მოისმინა და ყველაფერი სწორადაც გაიგო. აი ასეთი საყვარელი დიპლომატია სუფევს ევროპის ხალხთა ოჯახში.
უნდა ითქვას, რომ ვიქტორ ორბანი, მიუხედავად იმისა, რომ ის, დასავლური თვალსაზრისით, სიმშვიდის დამრღვევია, უბრალოდ რეალურ ფაქტებს ახმოვანებს, რომლებზეც სხვა ქვეყნები და ევროკავშირის პოლიტიკოსები დუმილს ამჯობინებენ.
უნგრეთის ლიდერის ინტერვიუს პარალელურად გამოქვეყნდა Financial Times-ის სტატია, რომელშიც, საერთაშორისო ორგანიზაცია Global Witness-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ღიადაა კონსტატირებული: მიმდინარე წლის ბოლომდე ევროზონის ქვეყნები რუსეთში წარმოებული თხევადი ბუნებრივი აირის რეკორდულ რაოდენობას შეიძენენ.
კერძოდ, ანალიზში მოყვანილია მონაცემები, რომელთა თანახმად, რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) მთავარი მყიდველი ტრადიციულად ჩინეთია, სადაც მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის პერიოდში მიწოდების მოცულობა 62,7%-ით გაიზარდა და 4,46 მილიონ ტონას მიაღწია.
ანალოგიური პროცესი შეინიშნებოდა ფინანსური თვალსაზრისითაც — რუსული ენერგორესურსების ექსპორტი 20%-ზე მეტით გაძვირდა, ხოლო ტრეიდერების შემოსავლებს ცოტა დააკლდა 3 მილიარდ დოლარამდე.
ჩინეთის ამ როლში ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ შემდეგ სიაში სრულიად მოულოდნელი მოთამაშეები ჩნდებიან. რუსული LNG-ის შესყიდვების მხრივ მეორე ადგილზეა ესპანეთი, ხოლო მესამეზე — პატარა ბელგია. რუსული იმპორტის მკვეთრი ზრდის შედეგად ამ ქვეყნებში თხევადი გაზის საერთო შესყიდვები ევროკავშირში ერთბაშად 40%-ით გაიზარდა.
გაზეთი Financial Times და ორგანიზაცია Global Witness ძალიან იმედგაცრუებული არიან ამ ტენდენციით და ევროპული სახელმწიფოების სისუსტით, რომლებმაც ერთი წელიც ვერ გაუძლეს ანტირუსული სანქციების ზეწოლას.
ეს ორი სიახლე ერთ კვანძად შემთხვევით არ შეგვიკრავს. ალბათ მხოლოდ უცხოპლანეტელებს არ მოუსმენიათ მანტრა იმის შესახებ, რომ ევროპა სასტიკად დასჯის მოსკოვს, იტყვის რა უარს მის ენერგომატარებლებზე, რითაც მთლიანად ამოაშრობს რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტს.
სასწრაფოდ დაწესებული აკრძალვებისა და ემბარგოს შედეგად საერთაშორისო ბაზარი, სადაც რუსეთი საკვანძო მოთამაშეა ყველა ძირითად სასაქონლო პოზიციაზე, ჩამოიშალა, ხოლო ფასებმა სტრატოსფერომდე მიაღწია.
გასულ წელს ნავთობმა, გაზმა, ქვანახშირმა და მათმა პროდუქტებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 300 მილიარდი დოლარი შეაგროვა. ამავე დროს პანიკაში მყოფ ევროპელებზე ხელი მოითბო ყველამ, ვისაც არ ეზარებოდა — ანუ რესურსების სხვა მიმწოდებლებმა, როგორებიცაა ნორვეგია და აშშ.
მიმდინარე წელს დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები პოზიტივსა და თავდაჯერებულობას ასხივებენ, თუმცა ეს არანაირად არ ცვლის ფიზიკურ გეოგრაფიასა თუ ლოგისტიკის კანონებს. ნახშირწყალბადების საბადოები თავის ადგილზე დარჩა, ხოლო სპოტურ კონტრაქტებზე გადასვლამ და მილსადენებით მიწოდებაზე უარმა გამოიწვია ის, რომ გადამზიდველებმა და სავაჭრო ფლოტების მფლობელებმა ლამის მწარმოებლებზე მეტი გამოიმუშავეს.
რუსულ ლიბერალურ „ტუსოვკაში“ ტრადიციულად ცირკულირებს დოგმატი, რომ კოლექტიური დასავლეთი მსგავს ფინანსურ ქარიშხლებს უპრობლემოდ გადაიტანს. ანუ რამდენიც საჭიროა, იმდენ ფულს დაბეჭდავს. ბაზრის ობიექტური რეალობა კი ისაა, რომ სრულმასშტაბიანი სანქციების ომის დაწყებიდან ორ წელიწადში გერმანიის ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ყველაზე ძლიერი და მსუქანი ეკონომიკა რეცესიაში ჩავარდა.
ბრიუსელი ენერგორესურსების შესყიდვების ერთიანი სისტემის სათავეში ჩადგომას შეეცადა, რომელიც თითოეული ქვეყნის მოხმარების წილს ითვალისწინებდა, მაგრამ ეს სტრუქტურა სიცოცხლის უუნარო აღმოჩნდა და, როგორც ვხედავთ, დღეს თითოეული ქვეყანა ცდილობს, ჩუმად შეავსოს საკუთარი რეზერვუარები. თუნდაც შერისხული რუსეთის ნავთობითა თუ გაზით.
არსებობს ძველი ხუმრობა: რამდენჯერაც უნდა გაიმეორო სიტყვა „ჰალვა", პირი ამით არ დაგიტკბებაო. ეს ფრაზა იდეალური სიზუსტით ასახავს ევროკავშირის მიერ რუსეთის ენერგორესურსებზე უარის თქმის პროცესს.
რამდენი სტატია დაიწერა დასავლეთში, რამდენი პათოსური სიტყვა ითქვა, რამდენი ტკბილი დაპირება გამოითქვა იმის შესახებ, რომ მოსკოვთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტა არაფერზე არ იმოქმედებდა, მაგრამ სინამდვილეში ევროპა კვლავაც განაგრძობს ნახშირწყალბადების შეძენას აღმოსავლეთიდან. ოღონდ ახლა ამას ხან მორცხვად აკეთებს, ხან ფარულად.
ამავდროულად, ზრდის დინამიკიდან გამომდინარე, სხვა მარშრუტებით მიწოდებების მოცულობა ან შეზღუდულია, ან იმდენად ძვირია, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები მზად არიან, პირდაპირი მნიშვნელობით დაიცვან სანუკვარი მილები და ტერმინალები იარაღით ხელში. თუნდაც ერთმანეთისგან.
წყარო: „რია ნოვოსტი“
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე