„ნაცმოძრაობა" და გახარიას პარტია რუსთავის განვითარებას აფერხებენ - ქალაქის მერი

რუსთავის მერის განცხადებით, ოპოზიცია არღვევს რეგლამენტს, ავიწროებს თანამშრომლებს და ავრცელებს დეზინფორმაციას სოციალურ ქსელებში.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. რუსთავის საკრებულოში შექმნილი მავნებლური ოპოზიციური კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ სახით ადგილობრივ მოსახლეობას საბოტაჟს უწყობს და აფერხებს ქალაქის განვითარებას, განაცხადა პრესკონფერენციაზე ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის საკრებულო ერთ-ერთია იმ ადგილობრივ საკონსულტაციო ორგანოებს შორის, სადაც 2021 წლის ნოემბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით დეპუტატების მანდატების უმრავლესობა ოპოზიციამ მიიღო. რუსთავის საკრებულოში სულ 35 დეპუტატია. აქედან 16 მანდატი აქვს მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, ამდენივე მანდატი აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. კიდევ სამი მანდატი ერგო პარტიას „საქართველოსთვის“.
„რუსთავის საკრებულოში კოალიცია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებისგან შედგება, უკვე მეორე წელია რუსთაველების წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებს. საკრებულოს თავმჯდომარის პასიური პოზიცია, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წევრია, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ მავნებლურ პოლიტიკას ამყარებს და რუსთავს განვითარებისა და პროგრესის რეალურ შესაძლებლობას უკარგავს“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
რუსთავის მერის თქმით, უკვე ორი წელია ეს კოალიცია ხელს უშლის საკრებულოს მუშაობას, არღვევს რეგლამენტს, პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლებს დევნის და სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს.
„უკვე მეორე წელია, ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გადალახვა გვიწევს ნებისმიერი ახალი სოციალური პროგრამის, თუ ქალაქის ეკონომიკური წინსვლისთვის საჭირო პროექტების დასამტკიცებლად“, - განაცხადა რუსთავის მერმა.
მისი თქმით, საკრებულო ქალაქში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, რამდენიმე თვეა, არ განიხილავს ისეთ საკითხებს, რომელმაც ქალაქს დამატებით 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა მოუტანოს.
რუსთავის მერმა მოუწოდა საკრებულოს ოპოზიციურ კოალიციას შეწყვიტოს მავნებლური პოლიტიკა და საქმეს მიხედოს.
„მოვუწოდებ კარგად გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა რუსთაველების წინაშე და მოგვცენ საშუალება ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მეტი სარგებლობა მოვუტანოთ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
თავის მხრივ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ალეკო ბერიძის განცხადებით, საკითხების განხილვა ჩვეულ რეჟიმში, რეგლამენტის მიხედვით მიმდინარეობს და ახლა საკრებულო მაისში შემოსულ პროექტებს განიხილავს.
მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატები მერიიდან რამდენიმე პროექტზე ელოდებიან ინფორმაციას, რომლის არარსებობა მათ დამტკიცებას აფერხებს.
„მაისის თვეშია შემოტანილი პროექტები და ვადებში ამის განხილვა ჩვეულებრივად ხერხდება, ვიხილავთ კიდეც ამ საკითხებს. არის შეკითხვები მერიასთან, რომელმაც უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომ საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება მივიღოთ“, - აღნიშნა ალეკო ბერიძემ.
2022 წლის იანვრის ბოლოს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა ნოდარ შეროზია - დეპუტატი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის".
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ალექსანდრე ბერიძე აირჩიეს, თავმჯდომარის მოადგილედ - პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატი ზაზა ჯაიანი.
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.