თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ტაბახმელაში, თრიალეთის ქუჩა N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
„მინდა ერთ კარგ პროექტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია – სპორტული კომპლექსი, რომლის სამუშაოებსაც მთაწმინდის გამგეობა ახორციელებს, 7.800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა", – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს, 230 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, ტექნიკურ შენობას გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით, ასევე საპარკინგე სივრცეს.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ რეკრეციული სივრცეები, სპორტული მოედნები ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. ამ მხრივ თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა", – თქვა დედაქალაქის მერმა.
სამუშაოები მომდევნო კვირების განმავლობაში დაიწყება.