ქართველი მწერლის რომანი შვეიცარიაში გამოიცა

Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ქართველი მწერლის თამთა მელაშვილის რომანი „შაშვი შაშვი მაყვალი" შვეიცარიულმა გამომცემლობა Kolchis Verlag-მა გერმანულ ენაზე გამოსცა.
როგორც საქართველოს მწერალთა სახლში განაცხადეს, რომლის მხარდაჭერითაც გამოიცა წიგნი, რომანი სიბილა ჰაინცემ თარგმნა.
თამთა მელაშვილის რომანი „შაშვი შაშვი მაყვალი" 2021 წელს „საბას" ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი".
სიუჟეტის ცენტრშია პროვინციელი ქალის ისტორია – 48 წლის ეთერო მარტოხელაა, ცხოვრობს პატარა ქალაქში და მუშაობს მაღაზიაში. მის ერთფეროვან, უდარდელ ცხოვრებას თითქოს საფრთხე არ ემუქრება, სანამ ქალის მოწესრიგებულ ცხოვრებას სიყვარული უცებ თავდაყირა არ დააყენებს.
თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი"
„შაშვი შაშვი მაყვალი“ მწერლის მესამე რომანია. მისი „გათვლა“ 2010 წელს, ხოლო „აღმოსავლეთით“ 2015 წელს გამოიცა. „გათვლა“ თარგმნილია გერმანულ, იტალიურ, რუსულ, ხორვატიულ, მაკედონიურ და ალბანურ ენებზე.
რომანმა 2011 წელს ლიტერატურული პრემია „საბა", 2013 წელს კი გერმანული ლიტერატურული პრემია Deutscher Jugendliteraturpreis მოიპოვა.
თამთა მელაშვილის რომანი განსაკუთრებით პოპულარული მისი ეკრანიზაციის შემდეგ გახდა. ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი", რომელიც რეჟისორმა ელენე ნავერიანმა გადაიღო, დიდი წარმატება მოიპოვა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, რომელიც 2023 წლის 16-27 მაისს ჩატარდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში კი ნავერიანის ფილმმა სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთბაშად ორი პრიზი მიიღო: „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი" და „ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულება" (ჯილდო ფილმის მთავარი როლის შემსრულებელს ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა).