ვინ შეძლებს საქართველოში სწავლის გაგრძელებას? დასახელდა გამოცდის თარიღი

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში სწავლა შეწყვიტეს, შესაძლებლობა ეძლევათ სწავლა სამშობლოში გააგრძელონ.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 1 სექტემბერს ჩატარდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტები მხოლოდ ერთ გამოცდას აბარებენ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.
გამოცდა 12:00 საათზე დაიწყება იმ პირებისთვის, ვინც რეგისტრაცია 15 აგვისტომდე გაიარა. ისინი საგამოცდო ცენტრში (მინდელის ქუჩა N9) 11:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ. დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.
აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, სურვილის შემთხვევაში პირბადე და წყალი პლასტმასის ბოთლით. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას გულისხმობს. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.
შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე – online.naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც აპლიკანტს გამოცდის დღეს გადაეცემა.
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.