მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში: საქართველომ ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში ტარდება.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ვენესუელის გუნდი ანგარიშით 70:59 დაამარცხა და პლანეტის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა, რომლებიც თასისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეს ბოლო ორი მეოთხედი დაუთმო – 24:19, 18:4, 17:21, 11:15, თუმცა მანამდე მოგროვებული ქულები საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის.
ქართველ კალათბურთელებს შორის ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო – მის ანგარიშზე 25 ქულა და სამი შედეგიანი გადაცემაა.
ჩემპიონატის შემდეგი ეტაპი 1 სექტემბერს დაიწყება: საქართველო მეოთხედფინალში გასასვლელად Е ჯგუფის გამარჯვებულებთან – გერმანიისა და ავსტრალიის გუნდებთან იბრძოლებს.
რამდენიმე საათში იაპონიის კუნძულ ოკინავაზე F ჯგუფის მეორე მატჩი დაიწყება, ერთმანეთს სლოვენიისა და კაბო-ვერდეს გუნდები შეხვდებიან.
მსოფლიო ჩემპიონატი 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. სულ 32 ნაკრები ჯამში 92 მატჩს გამართავს.
ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში ტარდება. გუნდები რვა ჯგუფად არიან დაყოფილი. თითოეულ ჯგუფში ოთხი გუნდია. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბრძოლას თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს.