„უნდა გავიმარჯვოთ" - კალათბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვენესუელის წინააღმდეგ მატჩზე

ქართული გუნდი F ჯგუფში სამი ქულით მეორე ადგილს იკავებს.
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველომ უნდა გაიმარჯვოს ვენესუელაზე ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, რათა მსოფლიო ჩემპიონატის უძლიერესი გუნდების ტოპ-16-ში მოხვდეს, განაცხადა საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჟურნალისტებთან.
ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი ვენესუელის წინააღმდეგ 30 აგვისტოს გაიმართება. თამაში თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ქართულ გუნდს F ჯგუფში სამი ქულით მეორე ადგილი უკავია, მის მეტოქეს – მეოთხე.

„უნდა მოვიგოთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდეთ. ძალიან რთული მატჩი გვექნება ფიზიკურად ძლიერ გუნდთან", – განაცხადა ზუროსმა.

მისი თქმით, ქართულმა გუნდმა წინა შეხვედრაში სლოვენიის წინააღმდეგ არცთუ საუკეთესო თამაში აჩვენა და კონცენტრაცია დაკარგა. მთავარმა მწვრთნელმა არ გამორიცხა, რომ თამაშის მსვლელობაზე ბევრ რამეში მსაჯების გადაწყვეტილებებმა იმოქმედა.
„არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან ვფიქრობ, სხვამ უნდა განსაჯოს. თუმცა შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ პირველ ნახევარში სლოვენიელებმა 26 საჯარიმო ისროლეს, ხოლო ჩვენ – მხოლოდ 6; გადასამოწმებელია, რომ მსაჯებმა არასპორტული ჯარიმა ერთ მხარეს მისცეს და მეორეს – არა", – განაცხადა ზუროსმა.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში: საქართველო სლოვენიასთან დამარცხდა>>
სლოვენიამ უკეთესად ითამაშა, ვიდრე საქართველომ, აღნიშნა ზუროსმა. "ჩვენ კი მუშაობა უნდა განვაგრძოთ და შემდეგ თამაშზე ვიფიქროთ", – დაამატა მან.
მსოფლიო ჩემპიონატი 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. სულ 32 ნაკრები ჯამში 92 მატჩს გამართავს.
ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში ტარდება. გუნდები რვა ჯგუფად არიან დაყოფილი. თითოეულ ჯგუფში ოთხი გუნდია. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბრძოლას თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს.