მოსაზრება: დასავლეთი უკრაინას ავღანეთის სცენარით უშვებს

Sputnik
ვიქტორია ნიკიფოროვა
სააგენტო „როიტერი“, რომელიც სულაც არაა მიდრეკილი რუსეთის არმიის იდეალიზაციისკენ, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმატებულ წინსვლას ლევიტანის სტილში აღწერს: „რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი კონტინგენტი შეტევაზე მიდის კუპიანსკისა და ლიმანის რაიონში <... >".
თითქმის იმავდროულად New York Times-მა თავის მასალაში უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურ ალექსანდრ სირსკის ციტატა მოიყვანა, რომელმაც აღიარა, რომ „მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები განაგრძობენ ზიანის მიყენებას არტილერიის, ნაღმმტყორცნებისა და ავიაციის დახმარებით", და ჩრდილო-აღმოსავლეთის თავდაცვის სასწრაფო გაძლიერება მოითხოვა.
უნდა ითქვას, რომ სირსკის მხრიდან ეს ფაქტობრივად ბუნტია, რადგან პენტაგონის საზრიანი გეგმა სწორედ ის იყო, რომ ყველა პროქსი-კაზაკი სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაეყვანა და აზოვის ზღვისკენ გაეღწია. პენტაგონში მიზანმიმართულად თუ უნებლიეთ ვერ შეამჩნიეს, რომ მსგავსი მანევრი ათას კილომეტრიანი ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს გააშიშვლებდა, რაც რუსეთის არმიას შესაძლებლობების ფართო ველს გაუხსნიდა.
და ასეც მოხდა. ახლა სირსკის შეუძლია რამდენიც უნდა, იმდენი იწუწუნოს ამერიკელ პატრონებთან და სტრატეგიული შეცდომების გამო გაკიცხოს. იქ მის პრეტენზიებს ცივი განცვიფრებით შეხვდებიან.
გამაოგნებელია, თუ რამდენად შეიცვალა ამერიკული მედიის ტონი უკრაინის ჯარების უკან დახევის შესახებ. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ყოველ ასეთ კომუნიკეს თან ახლდა მოწოდებები, რომ მიეცათ უკრაინის არმიისთვის ბომბები და ერთად დაეჯაბნათ რუსები. დღეს ამგვარი რიტორიკის ხსენებაც არ არის.
მშრალად ფიქსირდება რუსული ჯარების წარმატებები და უკრაინული ჯარების დამარცხება, აღინიშნება კუპიანსკის რაიონის ევაკუაცია და არ ისმის არანაირი „დავიცვათ უკრაინა!", „გავერთიანდეთ უკრაინის გარშემო!"
შტატები კლასიკურ სტილში უშვებს უკრაინას. სულ ცოტა ხნის წინ, ისტორიული თვალსაზრისით, მათ ასევე დახურეს ავღანეთის ქეისი.
ამ ისტორიებში ბევრი თანხვედრაა. მაგალითად, არავის ახსოვს, მაგრამ აშშ-ის გასვლა ავღანეთიდან ასევე მოხდა კონტრშეტევის ფონზე. დიახ, 2020 წლის ოქტომბერში ამერიკელმა პროქსებმა თალიბებზე კონტრშეტევა წამოიწყეს ქვეყნის სამხრეთით, ჰელმენდის პროვინციაში. მათ გარკვეულ წარმატებასაც კი მიაღწიეს, ხუთი ბლოკ-პოსტი აიღეს. თუმცა ამერიკელებმა მაინც განაგრძეს ჯარების გაყვანა და 2021 წლის მაისში თალიბებმა შეტევა წამოიწყეს, რომელიც ქაბულის დაკავებით დასრულდა.
ამ შეტევების, უკან დახევისა და კონტრშეტევების პროცესში მალევე გაირკვა, რომ ნატოს სტანდარტების შესაბამისი წვრთნები ავღანელ ჯარებს არანაირად არ ეხმარებოდა, რომ კორუფციამ მასშტაბებს გადააჭარბა და სანამ ზოგი იღუპებოდა, სხვები იპარავდნენ.
ამერიკულმა სარდლობამ ყველა შეცდომა დაუშვა, რაც შეიძლებოდა რომ დაეშვა — თითქოს მიზანმიმართულად არ აძლევდნენ მათ მიერ გაწვრთნილ არმიას გამარჯვების საშუალებას და მაქსიმალურ მსხვერპლს აღწევდნენ ორივე მხრიდან: რად ღირდა თუნდაც მათი იდეა, ეიძულებინათ ავღანელი სამხედროები, რომ მხოლოდ ქალაქები დაეცვათ, ამასთან ქვეყნის ყველა საავტომობილო გზა გაეხსნათ და თალიბებისთვის გაეთავისუფლებინათ ისინი.
მოკლედ, ყველა ერთმანეთს ადანაშაულებდა. სინამდვილეში, ეს იყო მხოლოდ ერთი შეცდომა. ბევრ ავღანელს სჯეროდა, რომ ვაშინგტონი მათთვის სერიოზულად და სამუდამოდ იბრძოდა, რომ ამერიკელი ოკუპანტები მათ ცივილიზაციასა და კეთილდღეობას მოუტანდნენ. მაგრამ ოკუპანტებს ეს არ სჭირდებოდათ. მათ უნდოდათ, რომ ავღანელებს ავღანელები ეხოცათ — რაც შეიძლება დიდხანს და ბევრი.
პარალელურად, რა თქმა უნდა, იყო სხვადასხვა ბიზნეს-თემები — მხოლოდ ნარკოტიკების გაყიდვამ რამდენი ფული მოიტანა. თუმცა არსი სხვა იყო: ქვეყნის განადგურება და მოსახლეობის იძულება, ამოეხოცათ ერთმანეთი.
ამერიკელი სარდლობის მრავალრიცხოვანი შეცდომები სწორედ ამით აიხსნება. მათთვის არ იყო განსხვავება მათ მიერ შექმნილ ჯარებსა და თალიბებს შორის.
ხოლო როდესაც საჭირო გახდა ახალ — უკრაინის საბრძოლო თეატრზე გადართვა, ამერიკელები სწრაფად გადავიდნენ ოკეანის მიღმა. ავღანეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეები აქეთ-იქით გაიფანტნენ. უმრავლესობა ირანში დასახლდა და დღეს იქ სიღარიბეში ცხოვრობს.
ცოტა ხნის წინ კაპიტოლიუმში დროშები დაუშვეს, რითაც მწუხარება გამოხატეს 13 ამერიკელი ჯარისკაცის გამო, რომლებიც ქაბულში მომხდარი საშინელი ბრძოლის დროს დაიღუპნენ. ამერიკული რეჟიმის წარმომადგენლებმა ასეთი შემთხვევისთვის საჭირო სიტყვები წარმოთქვეს. მაგრამ ამერიკაში არავის ახსოვს და არც ოდესმე გაახსენდება ავღანეთის ასობით ათასი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ოცწლიანი სისხლიანი ოკუპაციის დროს დაიღუპა.
ვაშინგტონში გეგმავდნენ, რომ უკრაინა რუსეთისთვის მეორე ავღანეთად ექციათ, სურდათ ჩვენი დამარცხება და ტერიტორიების ჩაბარება, საზოგადოების აღშფოთება, შემდეგ კი ქვეყნების დაშლა სსრკ-ის სცენარის მიხედვით. მაგრამ დღეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა იქნება მეორე ავღანეთი აშშ-სთვის. ამის დასტურია ჩვენი ჯარების წარმატებებიც და შიდა ამერიკული სკანდალებიც უკრაინის კორუფციული სქემების ირგვლივ, და დასავლური მედიის რიტორიკის ცვლილებაც.
აშშ-ის უამრავი ომის გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი თავიანთ პროქსებს, როგორც საცდელ ვირთხებს, ერთი და იგივე ლაბირინთში დევნიან. ჯერჯერობით ვერცერთმა ვირთხამ ვერ იპოვა გამოსასვლელი. გულწრფელად ვწუხვართ, რომ ამჯერად მილიონობით უბრალო უკრაინელმა გაიბა თავი მახეში.
წყარო: „რია ნოვოსტი“
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე