თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ფრანგმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად, რა კავშირია შუბლზე ნაოჭებსა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის, და საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ, ნათქვამია კარდიოლოგთა სამეცნიერო ჟურნალ ESC-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
ტულუზის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევაში 3.200 ადამიანი ჩართეს, რომელთა ასაკი 32-დან 62 წლამდე მერყეობდა. სწავლულები მათ მთელი 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
საბოლოოდ მეცნიერებმა გააანალიზეს ოცი წლის განმავლობაში თავმოყრილი მონაცემები და დაასკვნეს, რომ ნაადრევი სიკვდილისადმი ადამიანის მიდრეკილება გარკვეული თვალსაზრისით შეესაბამება შუბლზე გაჩენილ ნაოჭებს: რაც უფრო მეტია და ღრმა ნაოჭები, მით უფრო მაღალია იმის რისკი, რომ ადამიანი არც ისე დღეგრძელი აღმოჩნდება.
სახეზე ნაოჭების კავშირი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან სხვა კვლევებითაც დადგინდა, რომელთა საფუძველზეც სახის ტოპოგრაფიის ექსპერტებმა ერთგვარი რუკა შექმნეს. მათი თქმით, სახეზე ნაოჭები, მათი მდებარეობის მიხედვით, მხოლოდ ადამიანის ასაკს კი არ გასცემს, არამედ სხვა საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციასაც იძლევა.
ვნახოთ, რაზე მეტყველებს სახეზე ნაოჭები და რა უნდა გაითვალისწინოთ მათი უდროოდ გაჩენის შემთხვევაში.
თუ სახეზე ნაადრევად შენიშნეთ:
ჰორიზონტალური ხაზები შუბლზე – ხშირ სტრესს რომ განიცდით, ამას სწორედ ამ ხაზების არსებობა ადასტურებს. მათ შფოთვის ხაზებსაც უწოდებენ. შუბლის ნაოჭები კავშირშია კუჭთან და მიუთითებს თქვენს რაციონში შაქრისა და ცხიმის სიჭარბესა და წყლის ნაკლებობაზე;
ხაზი მარჯვენა წარბთან – ოდნავ შედრეკილი ვერტიკალური ხაზი წარბებს შორის, რომელიც მდებარეობით მარჯვენა წარბთან უფრო ახლოსაა, მიგვანიშნებს ღვიძლის ფუნქციის შესუსტებაზე. შეეცადეთ შეზღუდოთ ყავის, მარილიანი, ცხარე, შებოლილი საკვებისა და ალკოჰოლის გამოყენება. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. ის განსაზღვრავს ორგანოს დაზიანების ხარისხს და მკურნალობის ტაქტიკას;
ხაზი მარცხენა წარბთან – მარცხენა წარბთან ახლოს მდებარე ვერტიკალური ხაზი პირდაპირ კავშირშია ელენთასთან და მიუთითებს ამ ორგანოს პრობლემაზე. თუ ეჭვობთ ელენთის სერიოზულ პათოლოგიაზე, მიაკითხეთ ექიმს. თუ სიმპტომები არ გაქვთ, ჯანსაღი კვებით იზრუნეთ მის მდგომარეობაზე. დარწმუნდით, რომ არ მოიხმართ მეტისმეტად ბევრ შაქარს;
ნაოჭი ცხვირის ფუძეზე – ასეთი ნაოჭების მქონეები სეზონური და არასეზონური ალერგიების მიმართ არიან მიდრეკილი. ამ ხაზის არსებობა მიუთითებს აგრეთვე ლიბიდოს დაქვეითებაზე;
ბატის ნაფეხურები – ეს სახის ნაოჭების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომლებიც თვალის გარე კუთხიდან იშლება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხშირად იღიმით და ამისათვის მთელ სახეს იყენებთ. თუმცა იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ასეთი ნაოჭების პატრონს მხედველობა დაქვეითებული აქვს. გარდა ამისა, ბატის ნაფეხურები დაკავშირებულია კუჭთან, ღვიძლთან და თირკმლებთან;
ნაკეცები პირის კუთხეებთან – სახის ეს ნაწილი ასოცირდება მსხვილ ნაწლავთან. ამ შემთხვევაში გირჩევთ მიიღოთ ბოჭკოვანი საკვები, სითხეები, ვიტამინი D და იყოთ ფიზიკურად აქტიური;
ცხვირ-ტუჩის ნაოჭი – სიცილი რომ გიყვართ, სწორედ ამაზე მეტყველებს ცხვირ-ტუჩის ნაოჭის არსებობა. ამ დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ პანკრეასს;
ხაზი ზედა ტუჩს ზემოთ – ამგვარი ხაზები ჩნდება მწეველებში. სახის ეს ნაწილი ასოცირდება ელენთასთან;
ნაოჭები ყელზე – შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაზე მიუთითებდეს;
ხაზი ქვედა ტუჩის ქვეშ – ასეთი ხაზის არსებობა ნიშნავს სხეულში ნეგატიური ემოციების დაგროვებას. აუცილებელია ისწავლოთ უარყოფითი ემოციებისგან დაცლა, რათა ჯანმრთელობას არ ავნოთ.
გარდა ნაოჭებისა, სახეზე ხშირად ჩნდება სხვადასხვა ტიპის ლაქები, სიწითლეები თუ ამობურცულობები. ახლა ვნახოთ, რას გვატყობინებს ორგანიზმი მათი არსებობით.
ლაქები ტუჩებზე მიუთითებს: 1. სისხლის ცირკულაციის დარღვევაზე (საუკეთესო გამოსავალია იოგა და ფიზიკური დატვირთვა); 2. მსხვილი ნაწლავის ფუნქციის დარღვევაზე (აუცილებელია ექიმის კონსულტაცია).
ტომსიკები თვალების ქვეშ – თუ თქვენ კარგად გძინავთ, მაგრამ მაინც გაქვთ თვალების ქვეშ ტომსიკები ან შეშუპებული წრეები, იზრუნეთ თირკმლებზე;
მგრძნობიარე ზონები ლოყაზე – ლოყების მგრძნობელობა მიანიშნებს საჭმლის მონელების დარღვევაზე, ხოლო წითელი და სხვა სახის ლაქების არსებობა მეტყველებს ფილტვების პრობლემაზე.
ფილტვების ფუნქციის გასაუმჯობესებლად სასურველია სუნთქვითი და ფიზიკური ვარჯიშების ჩატარება. თუ ამასთან ერთად სუნთქვითი უკმარისობაც გაქვთ, მიმართეთ ექიმს.
ცხვირის წვერის სიწითლე – შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის პრობლემებთან და სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან, ასევე არტერიული წნევის მომატებასთან. აუცილებლად გაიკონტროლეთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
თეთრი წრე თვალის ირისის კიდეზე – შეიძლება გვაუწყებდეს სისხლში ქოლესტერინის დონის მომატების შესახებ.
დაბურცული ვენები საფეთქლებზე – ეს სისხლის მაღალი წნევის მანიშნებელია, რაც სერიოზული პრობლემაა და ამიტომ რეგულარულად უნდა იზომებოდეს.