თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. მცხეთასთან, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კლდის ჩამოშლა წვიმის შემთხვევაში ღვარცოფს გამოიწვევდა, ახლა კი საფრთხე არ არსებობს, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გეოლოგმა შოთა ლობჟანიძემ განაცხადა.
შიომღვიმის მონასტრის უკანა მხარეს 200 მეტრის სიმაღლიდან დღეს კლდის ფერდი ჩამოიშალა, რა დროსაც იქ უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და განვითარებულ კლდის მასის ჩამოშლის პროცესებს ადგილზე აფასებს.
ლობჟანიძის განცხადებით, პროცესებზე გეოლოგების დასკვნა რამდენიმე დღეში მომზადდება.
„საქმე გვაქვს გამოფიტული მასის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს... ასეთი საფრთხე ყოველთვის არსებობდა... წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა, ტრანსფორმირდებოდა. დღეს ჩამოშლილი მასა ხევშია დაგროვილი და გაიწმინდება. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება“, - განაცხადა გეოლოგმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ადგილი უსაფრთხოა, მაგრამ დაკვირვება სჭირდება მუდმივად.
„პირველადი შეფასებით, შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადსხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას. ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში. ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ამ ზაფხულს მთელი საქართველოს მასშტაბით მეწყრული პროცესები გააქტიურდა.
ასანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიომღვიმის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. შიომღვიმის მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს.
შიომღვიმის მონასტერი ქალაქ მცხეთიდან ცხრა კილომეტრში, მთაში მდებარეობს. ის ისტორიული ძეგლია, რომელსაც ყოველთვის ბევრი ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს.
მონასტერი ზღვის დონიდან დაახლოებით 750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი 560 წლის შემდეგ დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ წმინდა შიომ. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონასტერია მცხეთისა და თბილისის მიდამოებში.