თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრის ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის ექვსი მოქალაქიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ქართულმა ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთიდან გაძევებული უკრაინის ექვსი მოქალაქე ზემო ლარსის ბუფერულ საგუშაგოზე საკვებისა და ელემენტარული პირობების გარეშე იმყოფება. მათი ცნობით, უკრაინელებმა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებისთვის ერთი კვირის წინ მიმართეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. მათ საქართველოს გავლით სამშობლოში დაბრუნება სურთ.
„იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამისი პროცედურების დასრულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართული მხარე ამ ხნის განმალობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას.
როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ოლექსანდრ შულგას საქართველო-რუსეთის საზღვრის ბუფერულ ზონაში („დარიალი" - „ზემო ლარსი") მყოფი მისი ქვეყნის მოქალაქეების შესახებ და დიპლომატიურ მისიას დახმარება შესთავაზა.
დიპლომატის თქმით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო.