მსოფლიო დღეს

ამერიკელებს ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება ნებისმიერი მეთოდით სურთ: გამოკითხვის შედეგები

Sputnik
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ძალადობის გამოყენებას დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დასაბრუნებლად სულ უფრო მეტი ამერიკელი მიიჩნევს გამართლებულად, იუწყება გამოცემა Hill.
აღნიშნული კვლევა ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროექტ CPST-ს ფარგლებში ჩატარდა.
გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის პოსტზე ტრამპის დასაბრუნებლად ძალადობის გამოყენების მომხრეთა რიცხვი, რაც გასულ წელს გამოკითხულთა 4,5%-ს, ანუ 12 მილიონ ზრდასრულ ამერიკელს შეადგენდა, მიმდინარე წელს 18 მილიონამდე გაიზარდა.

„ეს ზრდა, დიდი ალბათობით, არის ტრამპისადმი უფრო ძლიერი თავდადების გამოხატულება მას შემდეგ, რაც მას 2023 წლის 9 ივნისს ფედერალური ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების არასწორად შენახვის გამო — ჩვენი გამოკითხვის ჩატარებამდე დაახლოებით ორ-ნახევარი კვირით ადრე“, — ნათქვამია კვლევაში.

გარდა ამისა, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ზრდასრული ამერიკელების 40% არ ენდობა აშშ-ის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხოლო 20%-ს ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეთქმულების „ანტიდემოკრატიული თეორიებისა“ სჯერა.
გამოკითხვა 22-26 ივნისს ჩატარდა. მასში 2543 ადამიანი მონაწილეობდა. შედეგების სტატისტიკური ცდომილება დაახლოებით 2,3%-ია.
წყარო: Hill