სოფლად სახლი სახელმწიფოსგან 1300 დევნილ ოჯახს გადაეცა

2025 წლის ბოლომდე სააგენტო სოფლად სახლს 6000 დევნილ ოჯახს შეუსყიდის.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. 2023 წელს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სოფლად სახლი იძულებით გადაადგილებულ 1300-მდე ოჯახს უკვე შეუსყიდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი „სოფლად სახლი“ 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.
სახლები დევნილებისთვის
დევნილი ოჯახები ახალ საცხოვრებელ ადგილას დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანმა მოინახულეს.
„დევნილებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით ხორციელდება“, - აღნიშნავენ უწყებაში.
ამ ეტაპზ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში კიდევ ასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების საკითხს განიხილავს.
2025 წლის ბოლომდე სააგენტო სოფლად სახლს ჯამში 6000 დევნილ ოჯახს შეუსყიდის.
ზურაბ უტიაშვილი
დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია. სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს ბინებს ოჯახებს, თუმცა ბევრი მათგანი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდება.
სახლები დევნილებისთვის
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.