თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ბაზაზე ავიაციის პარკის განახლება მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, „დელტასა“ და კომპანია „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით უკვე გარემონტებულია 7 ერთეული სუ–25 და მიმდინარეობს 3 ერთეული L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო საფრენი აპარატის რემონტი.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი, კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად, გადამზადებას გადიან.
ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
„დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.