თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის აღდგენილია, და ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის ვითარდება, რადგანაც საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულია, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა RT–სა და ТАСС–სთან ინტერვიუში.
„ხელმძღვანელების ამჟამინდელი გენერაცია და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაშია, ყოველ შემთხვევაში, ის პრაგმატიზმით გამოირჩევა. არ შეიძლება, ეს არ აღინიშნოს. სწორედ ამიტომ მათთან ახლა ურთიერთობები ვითარდება. სწორედ ამიტომ საქართველოს მოქალაქეების რუსეთში კვლავ უვიზოდ შემოსვლის ნებართვა გავეცით. სწორედ ამიტომ დაიწყეს თვითმფრინავებმა ფრენა“, – განაცხადა მედვედევმა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში არიან „შეშლილი“ და „უცნაური ადამიანები“, თუმცა ისინი ქვეყნის პოლიტიკაში პირველ როლს არ ასრულებენ.
2023 წლის 10 მაისს შუა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით გაუქმდა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის.
რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.