თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველომ დაუყოვნებლივ მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველო-რუსეთის საზღვრის ბუფერულ ზონაში („დარიალი" - „ზემო ლარსი") მყოფი მისი ქვეყნის მოქალაქეების შესახებ და დიპლომატიურ მისიას დახმარება შესთავაზა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ქართულმა ოპოზიციურმა მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთიდან გაძევებული უკრაინის ექვსი მოქალაქე ზემო ლარსის ბუფერულ საგუშაგოზე საკვებისა და ელემენტარული პირობების გარეშე იმყოფება. მათი ცნობით, უკრაინელებმა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებისთვის ერთი კვირის წინ მიმართეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. მათ საქართველოს გავლით სამშობლოში დაბრუნება სურთ.
„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ მყისიერად გამართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ოლექსანდრ შულგასთან. ქართულმა მხარემ შესთავაზა უკრაინის დიპლომატიურ მისიას დახმარება მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მიწოდებული ინფორმაციისა და თანადგომისთვის.
დიპლომატის თქმით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი ამ ფაქტის შესახებ აცნობებს უკრაინის დედაქალაქს და დაელოდება მათ მითითებებს.
შეხვედრაზე ოლექსანდრ შულგამ კმაყოფილება გამოთქვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის გამო და ასევე აღნიშნა უკრაინის მოქალაქეების მიგრაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის პრაქტიკა.