თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. დასავლეთის ქვეყნები სპეკულირებენ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების თემაზე, განცხადებები, თითქოს კრემლი ინციდენტში მონაწილეობდა, სიცრუეა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ამჟამად, ბუნებრივია, ამ კატასტროფისა და თვითმფრინავის მგზავრების ტრაგიკული დაღუპვის გარშემო, მათ შორის ევგენი პრიგოჟინისა, ძალიან ბევრი სპეკულაციაა. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია ცნობილი კუთხით წარმოჩინდება. ეს ყველაფერი აბსოლუტური ტყუილია", — აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი, ტრაგედიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს და შედეგები მხოლოდ ყველა საჭირო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გამოქვეყნდება.
ოთხშაბათს, საღამოს ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ბიზნესჯეტი Embraer Legacy ჩამოვარდა. ბორტზე ათი ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. „როსავიაციის" მიერ გამოქვეყნებული მგზავრების სიის თანახმად, ბორტზე იმყოფებოდა ევგენი პრიგოჟინიც.
ავიაკატასტროფის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ.