მეგრელი, რომელმაც შეძრა ევროპა: პირველი მოჭადრაკე და გამოუსწორებელი მექალთანე

ჭადრაკს საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნემდე, ანუ თავად ანდრია დადიანამდე ქართველ მოჭადრაკეთა შესახებ არანაირი ცნობა არ არის შემონახული.
Sputnik
ანდრია დადიანს კარგად იცნობდნენ მსოფლიოს საჭადრაკო სამყაროში. უცხოურ პრესაში მუდმივად იბეჭდებოდა მის მიერ შესრულებელი პარტიები, რომლებიც დღესაც დადიანის პარტიის სახელწოდებით არის ცნობილი.
ანდრია 1850 წელს დაიბადა ეკატერინე ჭავჭავაძისა და სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის ოჯახში. როდესაც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ სამეგრელოს სამთავროს გაუქმება განიზრახა, დაქვრივებული ეკატერინე შვილებიანად გაიწვია პეტერბურში საცხოვრებლად და დიდი პენსიაც დაუნიშნა.
XIX საუკუნის 60-იან წლებში სამეგრელოს უფლებააყრილი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა საცხოვრებლად საფრანგეთში გაემგზავრა ოჯახთან ერთად. შვილებს რომ ქართული არ დავიწყებოდათ, ეკატერინემ ჯერ პეტერბურგში, შემდეგ კი ევროპაშიც შვილების აღმზრდელად და მასწავლებლად თან იახლა დიდად განათლებული მღვდელი თედორე ხოშტარია. მრავალმხრივ განსწავლულ თედორეს ჭადრაკის თამაშიც სცოდნია და ხშირად ეთამაშებოდა თავის შეგირდ ანდრიას. თედორე აღტაცებული იყო მისი გონებამახვილობითა და „კვიმატი კომბინაციებით“.
14 წლის ანდრია დადიანი ცნობილ ინგლისელ მოჭადრაკე ბერნსს შეახვედრეს. მას მოეწონა ქართველი ყმაწვილის თამაში და კარგი მომავალიც უწინასწარმეტყველა.
თუ ვინმე ავტორიტეტული მოჭადრაკე ჩავიდოდა პარიზში, ჰამბურგსა თუ პეტერბურგში, ანდრია მას აუცილებლად ხვდებოდა და რამდენიმე პარტიას ეთამაშებოდა.
ერთხელ პარიზში ცნობილი მოჭადრაკე როზენტალი ჩასულა და საქვეყნოდ გამოუცხადებია, ერთდროული თამაშის სეანსს ჩავატარებ 28 დაფაზე და თითო სვლაზე წამზე მეტს არ ვიფიქრებო. მასთან შეხვედრის სურვილი ბევრმა ძლიერმა მოჭადრაკემ გამოთქვა თურმე, მათ შორის ანდრია დადიანმა და საფრანგეთის დამხობილმა იმპერატორმა ნაპოლეონ მესამემაც.
როზენტალმა 26 პარტია მოიგო და მხოლოდ ორი წააგო. მისი ერთ-ერთი მძლეველი სამეგრელოს მთავრის მემკვიდრე აღმოჩნდა.
1879 წელს ანდრია დადიანმა რომში რუსეთის საელჩოში დაიწყო დიპლომატიური სამსახური. იქ დაუმეგობრდა დასავლეთ ევროპის საუკეთესო მოჭადრაკეს, იტალიელ სერაფინო დიუბუას, რომელმაც დადიანში ღირსეული მეტოქე შეიცნო. იმდროინდელი იტალიური პრესა წერდა, რომ დადიანი-დიუბუას შეხვედრების საერთო ანგარიში საყაიმო იყო.
წარმატებებმა, თაყვანისმცემლების გარდა, ბევრი მოშურნეც შესძინა ანდრიას: ქართველები არ აღიარებდნენ, რუსები კი ხშირად კბენდნენ „უცხოტომელ“ მოჭადრაკეს, აქაოდა, ყველას კი უგებს, მაგრამ რუს მოჭადრაკეებს ყოველთვის გაურბისო.
საჭადრაკო ჟურნალმა „შახმატნი ლისტოკმა“ 1880 წელს ასეთი განცხადებაც კი გამოაქვეყნა:

„არის ერთი ახალი პიკანტური ამბავი: „სტრატეჟიედან“ ვგებულობთ, რომ რომელიღაც ბრწყინვალე თავადი დადიანი მოგზაურობს რუსეთში და ამ ქვეყნის თითქოსდა ძლიერ მოთამაშეებს შუბებს უმსხვრევს. თავისი გამარჯვებების ამბებს საჭადრაკო სამყაროს იგი აუწყებს ზემოხსენებული ჟურნალის მეშვეობით. ჩვენ, ასე თუ ისე, ვიცნობთ, როგორც უძლიერეს, ისე უბრალოდ ძლიერ რუს მოყვარულებს და შეგვიძლია დავარწმუნოთ „სტრატეჟიე“, რომ თავადი დადიანი გვაგონებს ლა მანჩის კეთილ რაინდს, წისქვილებს გიგანტებად რომ იღებდა. მართლაც, რატომ არ მოიძევს თავადი ნამდვილად უძლიერეს მოთამაშეებს მოსკოვში, ხარკოვში, კიევში და სხვაგან? ვთხოვთ, ჩვენც გვეწვიოს – ძალიან კმაყოფილი ვიქნებით“.

ქართველ მთავართა შთამომავალ დადიანს სისხლი აუდუღა ამ სტრიქონებმა. პეტერბურგში ჩავიდა და ადგილობრივი საჭადრაკო კლუბის მიერ გამართულ მოყვარულთა ორ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. დადიანმა ორივეგან დაუმარცხებლად იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.
მაშინ მსოფლიო პირველი ჩემპიონი ვილჰელმ სტეინიციც კი დაინტერესდა ანდრიას პარტიებით და ის თავის საჭადრაკო ჟურნალშიც გამოაქვეყნა. ემანუელ შიფერმა კი ერთ-ერთი პარტია თავის სახელმძღვანელოში „სამოუჩიტელ შახმატნოი იგრი“ შეიტანა, როგორც კომბინაციური თამაშის საუცხოო მაგალითი.

დადიანის თავბრუდამხვევ წარმატებებს ბოლო არ უჩანდა. ვენის საერთაშორისო ტურნირის საზეიმო დახურვაზე მან თვალდახუჭულმა ითამაშა და მაყურებელი გააოგნა. ასეთ სეანსებს ანდრო თურმე ახალგაზრდობაშიც ატარებდა და ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა.
მაგრამ ქართული პრესა ისევ დუმდა. და ეს მაშინ, როცა ვილჰელმ სტეინიცი გამუდმებით აქვეყნებდა ანდრიას პარტიებს ჟურნალში და მადლობას მადლობაზე უთვლიდა თანამშრომლობისათვის, ხოლო ინგლისური ჟურნალი „ბრიტიშ ჩეს მეგეზინ“ 1897 წელს წერდა:

„სამეგრელოს თავად დადიანის საჭადრაკო პარტიები საუცხოოა და საჭადრაკო ლიტერატურაში დარჩება როგორც შედევრი“.

1903 წელს ანდრიამ გამოსცა წიგნი „სამეგრელოს პრინცის დადიანის პარტიების დაბოლოებები“, რომელშიც მისი საჭადრაკო პარტიების 100 საუკეთესო ენდშპილი შევიდა. წიგნი, რომელიც მან თავისი მეგობრის, რუსი დიდოსტატის ემანუილ შიფერის დახმარებით შეადგინა, შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა.
წიგნის წინასიტყვაობაში, რომელიც თავად შიფერს ეკუთვნის, ნათქვამია:

„ამ წიგნს, რომელიც მისი ბრწყინვალების, სამეგრელოს პრინცის ანდრია დადიანის 100 უდიდეს საჭადრაკო პარტიას შეიცავს, ვუძღვნი ჭადრაკის ყველა მოყვარულს. ვინც პრინცის ოსტატობასა და მის პიროვნებას იცნობს, წიგნს მღელვარებით ელის. ჭადრაკის მოყვარულები მადლიერნი დაგვრჩებიან იმისათვის, რომ ეს პარტიები შევკრიბეთ და გამოვაქვეყნეთ“.

1903-1904 წლებში თავადი დადიანი მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირების პრეზიდენტი იყო, რომლის ფონდშიც ბანკირმა როტშილდმა 500 ფრანკი შეიტანა, ხოლო ანდრიამ — 600 ფრანკი.
უნდა ითქვას, რომ ანდრია დადიანისთვის ჭადრაკით გატაცებას განათლების მიღებაში ხელი არ შეუშლია — ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და თავისუფლად ფლობდა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებს.
ანდრია ძალიან პოპულარული იყო რუსეთის იმპერიის ელიტასა და სამეფო კარზე. ის იმდენად მიმზიდველი მამაკაცი ყოფილა, რომ გერმანიის ერთ-ერთ გამომცემლობას ფერად საფოსტო ბარათზე მისი ფოტო დაუბეჭდავს დიდი ტირაჟით.
თავად დადიანს არაერთი სასიყვარულო გატაცება ჰქონია და არც მშვენიერი ქალები ყოფილან მისდამი გულგრილი.
ერთხელ, ნევის პროსპექტზე ეტლით სეირნობისას, ლამაზი ქალი დაუნახავს. გაცნობა მოუწადინებია, მაგრამ უარი მიუღია და... პირდაპირ პროსპექტიდან მოუტაცია.
ამას დიდი სკანდალი მოჰყოლია, ვინაიდან გატაცებული ქალი იმპერატრიცას ფრეილინას შვილიშვილი აღმოჩნდა. იმპერატორს ანდრია დაუბარებია და ქალის ცოლად შერთვა უბრძანებია, მაგრამ დადიანს სასტიკი უარი განუცხადებია. ამიტომ ის დროებით კიევში გადაუსახლებიათ.
თუმცა სასჯელს არ გაუჭრია, ქართველი თავადი ქალების დევნას არც ამის შემდეგ შეშვებია.
ერთხელ ერთ ფრანგ ლამაზმანს მის სიყვარულზე უარი უთქვამს და დადიანს შური საკმაოდ დამამცირებელი ფორმით უძიებია. პარიზის ბაღში მოსეირნეს დაუნახავს, როგორ მიირთმევდა მისი უარმყოფელი ქალი კაფეში შამპანურს სხვა მამაკაცთან ერთად. ეს სასმელი მაშინ ევროპაში საკმაოდ ძვირი ღირდა. დადიანს იმავე კაფეში ოფიციანტისთვის უმაღლესი ხარისხის შამპანური შეუკვეთავს და ქალის დასანახად საკუთარი ცხენისთვის დაულევინებია.
ქალთმოყვარულ ანდრია დადიანს ცოლი არასდროს ჰყოლია, ეტყობა, თავისუფლება მოსწონდა და არ სურდა თავი პასუხისმგებლობით შეებოჭა. სიცოცხლის ბოლო წლებში ქეიფსა და დროსტარებას გადაყოლილი თავადი მეტად დაუძლურდა — ჯერ ხელის დამბლა დაემართა, ბოლოს ენაც წაერთვა.
1910 წლის 13 ივნისის ღამით გარდაიცვალა კიევში, როცა სულ 60 წლისა იყო. მარტოხელა თავადმა მოსამსახურეების ხელში დალია სული...
ანდრია დადიანი კიევიდან საქართველოში სტუდენტმა ამბერკი საყვარელიძემ ჩამოასვენა. დაკრძალულია მარტვილის საგვარეულო მონასტერში...