როდის დაიწყება სწავლა სკოლებში

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე პარასკევია.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. სასწავლო წლის დაწყება განსაზღვრულია კანონმდებლობით.
იმასთან დაკავშირებით, რომ 15 სექტემბერი პარასკევია, მშობლების ნაწილი სოციალურ ქსელებში კითხულობს, ხომ არ გადაიტანეს ეს თარიღი 18 სექტემბერს, ორშაბათისთვის.
სახელმწიფო სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასა და დასრულებას ზოგადი განათლების შესახებ კანონი არეგულირებს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სწავლა 15 სექტემბერს იწყება, ხოლო მთავრდება 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს.
სწავლის დაწყების თარიღის გადატანა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის გამოსასვლელ დღეს დაემთხვევა. ასეთ დროს სწავლა 15 სექტემბრის შემდეგ პირველივე სამუშაო დღეს დაიწყება.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში 2.308 სკოლაა, მათგან 2.086 საჯარო, ხოლო 222 – კერძო სკოლა.
ყველაზე მეტი სკოლა (396) იმერეთის რეგიონშია. თბილისი სკოლების რაოდენობით (292) მეორე ადგილზეა. მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 624,5 ათასს შეადგენს.