ქვათახევის მონასტრისკენ მიმავალი გზის რემონტი დასრულდა

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 3,6 მილიონი ლარით დაფინანსდა.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. წინარეხი–ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გარემონტებული მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. 5 კმ-იანი მონაკვეთი გრუნტიანი იყო და მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.
წინარეხი-ქვათახევის გზა
როგორც უწყებაში აღნიშნეს, წინარეხი–ქვათახევის გზის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ისე სამონასტრო კომპლექსის სტუმრებისათვის.
წინარეხი-ქვათახევის გზა
პროექტი ითვალისწინებდა გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას. გარემონტდა მდინარე კავთურაზე არსებული ხიდიც. ასევე მოეწყო ავტოსადგომი მონასტერთან და მიერთებები ადგილობრივ გზებთან, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
წინარეხი-ქვათახევის გზა
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით, 3,6 მილიონი ლარით დაფინანსდა.
ქვათახევი – ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი, აგებულია დაახლოებით XII საუკუნეში, თამარ მეფის დროს. აქამდე ამ მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს ტურისტები იშვიათად სტუმრობდნენ ცუდი გზის გამო.