მსოფლიო დღეს

BRICS-ს ხუთი ახალი წევრი ქვეყანა ემატება

Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება BRICS თავის რიგებში ახალ წევრებს იღებს, რომლებიც გეოგრაფიული პრინციპით გადანაწილდნენ, წერს ბრაზილიური საინფორმაციო პორტალი UOL.

„BRICS გამოაცხადებს ორგანიზაციის გაფართოებას კიდევ ხუთი ქვეყნით. ქვეყნების საბოლოო სიაში შედიან: საუდის არაბეთი, არგენტინა, ირანი, გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე“, — ნათქვამია ინფორმაციაში.

პორტალის ცნობით, გეოგრაფიული ბალანსის დაცვის მიზნით სიაში შეიძლება შევიდეს კიდევ ერთი აფრიკული ქვეყანა.
მანამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნალედი პანდორმა განაცხადა, რომ BRICS-მა გაფართოების საკითხზე შეთანხმებას მიაღწია და მიიღო დოკუმენტი, რომელშიც გაფართოების პრინციპებია გაწერილი.
მსოფლიო დღეს
სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელმა BRICS-ის ერთიან ვალუტაზე კომენტარი გააკეთა
BRICS-ის სამიტი იოჰანესბურგში 22-24 აგვისტოს იმართება. მას ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები ესწრებიან. რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამიტში ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მონაწილეობს.
BRICS-ის გაერთიანებაში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, თუმცა ბოლო დროს ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანების სურვილი უკვე გამოხატა 23 სახელმწიფომ, მათ შორის არგენტინამ, ირანმა, ალჟირმა, ტუნისმა, თურქეთმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ.