სჯობს გაუწიონ პროპაგანდა აგროდაზღვევას: ქადაგიშვილმა „ნაცმოძრაობას“ უპასუხა

აგროდაზღვევა ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის)
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უსაფუძვლო ინიციატივების წამოწევას ურჩევნია პროპაგანდა გაუწიოს აგროდაზღვევას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა კახეთის რაიონებიდან ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მიხეილ ბოტკოველი გამოვიდა ინიციატივით, რომ მევენახეებს უამინდობის შედეგად განადგურებული მოსავალი ანაზღაურდეს თითო კილოგრამზე 0,2 ლარის სახით.
„არცერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე. სახელმწიფოს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა აქვს და მოვუწოდებ ყველას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ აგროდაზღვევის პოლიტიკის გატარებას პროპაგანდა გაუწიოს, მხარი დაუჭიროს და პერიოდულად ასეთი პოპულისტური, ყოველგვარ ეკონომიკურ გათვლაზე დაუმყარებელი განცხადებების კეთებით არ ეცადონ, შფოთი შეიტანონ კახელ მევენახეებში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის)
ამასთან, ფერმერები დაზღვევის ღირებულების მხოლოდ 30%-ს იხდიან.