თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ფინეთში რუსეთის საელჩომ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვით, გადაიხადა გადასახადები უძრავ ქონებაზე, რომელიც რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრს ეკუთვნის, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„რუსეთის საელჩომ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო ნებართვა ჰელსინკიში მდებარე რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის კუთვნილ ქონებაზე გადასახადების გადახდის შესახებ. დღევანდელი მდგომარეობით, გადასახადები გადახდილია", — ნათქვამია განცხადებაში.
რუსულმა ცენტრმა ჰელსინკიში მუშაობა 2022 წლის ზაფხულში შეაჩერა — რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან მოკლე ხანში. ფინეთის ხელისუფლებამ ცენტრის შენობა და ტერიტორია 2023 წლის 18 აპრილს დააყადაღა ევროკავშირის სანქციების ფარგლებში.
ხელისუფლებას უნდა შეემოწმებინა, ხომ არ ეკუთვნოდა (ან ხომ არ აკონტროლებდნენ) ცენტრის აქტივები სანქცირებულ პირებს. მედიის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ცენტრი და მისი ქონება „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ეკუთვნის. შესაბამისად, უკვე 19 აპრილს ქონებას ყადაღა მოეხსნა.
15 აგვისტოს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეზღუდვები შეარბილა და ცენტრს უძრავი ქონების გადასახადის, დაახლოებით 20 ათასი ევროს გადახდის უფლება მისცა. უწყებაში განმარტავენ, რომ გადასახადების გადახდა — დასაშვები გამონაკლისია ევროკავშირის სანქციებში.