მსოფლიო დღეს

ფხენიანის გეგმები: იაპონიის პრემიერმა სრული მზადყოფნის განკარგულება გასცა

Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ სამთავრობო უწყებებს სრული მზადყოფნის განკარგულება მისცა ჩრდილოეთ კორეის გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც თანამგზავრის გაშვებას აპირებს.

„პრემიერ-მინისტრმა მიიღო შეტყობინება ჩრდილოეთ კორეის მიერ თანამგზავრის გაშვების შესახებ. მან დაავალა შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს, შეაგროვონ და გააანალიზონ ინფორმაცია, ოპერატიულად მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას; აშშ-სა და სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობით მოუწოდონ ჩრდილოეთ კორეას, უარი თქვას თანამგზავრის გაშვებაზე; იყვნენ სრულ მზადყოფნაში გაუთვალისწინებელი სიტუაციის შემთხვევაში", — ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) კისიდას ოფისის განცხადებაში.

მანამდე ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის საზღვაო უსაფრთხოების სამსახურს აცნობა, რომ თანამგზავრის გაშვება 24 აგვისტოდან 31 აგვისტომდე პერიოდში იგეგმება.
იაპონური და სამხრეთ კორეული მედიის ვარაუდით, ფხენიანი სამხედრო-სადაზვერვო თანამგზავრის მეორედ გაშვებას აპირებს. პირველი სატელიტი, რომელიც მიმდინარე წლის 31 მაისს გაუშვა კოსმოსში ჩრდილოეთ კორეამ, ყვითელ ზღვაში ჩავარდა ძრავის გაუმართაობის გამო.