თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. რუსეთი შეშფოთებულია იმით, რომ დასავლეთის ქვეყნები მის წინააღმდეგ ანტისაბაზრო ზომებს მიმართავენ, განაცხადა რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა აზია–წყნარი ოკეანის ეკონომიკურ თანამშრომლობაში (APEC) მარატ ბერდიევმა.
„დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ ანტისაბაზრო ზომების გამოყენება, რომელთა შორისაა ნავთობზე საფასო ზღვრის დაწესება, რაღა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს", — აღნიშნა მან.
ბერდიევის თქმით, ამგვარი მოქმედებები, „განვითარებული ქვეყნების წინდაუხედავ მაკროეკონომიკურ და დაუბალანსებელ ენერგო-კლიმატურ პოლიტიკასთან ერთად“, საკვანძო როლს თამაშობს გლობალური ენერგობაზრების დესტაბილიზაციაში, რამაც გლობალური ენერგონაკადების გადანაწილება და ფასების გადაჭარბებული მერყეობა გამოიწვია. ეს კი, თავის მხრივ, ენერგოუსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის.
„თუმცა, მიუხედავად საბაზრო მექანიზმებისადმი ერთგულების შესახებ მანტრებისა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დასავლელები უკანონო რესტრიქციებს მიმართავენ. საკმარისია გავიხსენოთ ირანის, ვენესუელისა და სირიის მაგალითები", — აღნიშნა ბერდიევმა.
გარდა ამისა, რუსი დიპლომატის თქმით, ენერგოსექტორის რისკებს ასევე ზრდის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადების“ დივერსია, რომელიც „ნატოსა და ევროკავშირის პასუხისმგებლობის ზონაში მოხდა“, და რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული.