თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. XV საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბორჯომში 22 აგვისტოს გალა-კონცერტით გაიხსნება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
მუსიკალური ფესტივალი 24 სექტემბრამდე გასტანს. ფესტივალზე დაგეგმილია ექვსი მუსიკალური კონცერტი, რომლებიც თბილისში, ბათუმსა და ბორჯომში ჩატარდება. ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე.
ბორჯომში გალა-კონცერტის შემდეგ, 24 და 25 აგვისტოს ფესტივალი ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს. მომდევნო სამი კონცერტი სექტემბერში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე გაიმართება.
წელს ფესტივალის მონაწილეები არიან მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები.
ესენი არიან იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეზი, ქართველი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე, იტალიელი მევიოლინე ლაურა მარცადორი, იტალიელი საოპერო მომღერალი რიკარდო მარინელიო და ტენორი გიორგი ონიანი.
ფესტივალის მთავარი ორკესტრია „საქართველოს ვირტუოზები“, ღამის სერენადების პარტნიორია ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.
ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას სტუდენტებისთვის, მათ შორის შშმ პირებისთვის. ორგანიზატორებმა იზრუნეს გასვლით მასტერ-კლასებზე, ვორქშოფებსა და ღია ლექციებზე.
„ღამის სერენადები“ საქართველოში ყველაზე გრძელი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც უკვე 41 წელია არსებობს.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს დაარსდა და ყოველ ზაფხულს ბიჭვინთაში იმართებოდა. ფესტივალი ძალიან პოპულარული იყო, თუმცა 1991 წელს არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს აღდგა — ამჯერად აჭარაში. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში.
ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.