თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შუა საუკუნეების უნიკალური ძეგლის - ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე სტუ-ს სტუდენტების მონაწილეობით არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, იუწყება კულტურის სამინისტრო.
არქეოლოგიური გათხრები ვაშნარში
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ვაშნარის ნაქალაქარი გურიაში, სოფელ გურიანთასთან მდებარეობს. ვაშნარის ციხე-ქალაქის მშენებლობისა და ფუნქციონირების პერიოდი ისტორიკოს-მკვლევართა მიერ IV-VII საუკუნეებით თარიღდება.
არქეოლოგიური გათხრები ვაშნარში
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
გათხრებში მონაწილეობენ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორის, არქეოლოგ ვაჟა სადრაძის ხელმძღვანელობით.
არქეოლოგიური გათხრები ვაშნარში
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ამჟამად ვაშნარის ტერიტორიაზე ორი პროექტი მიმდინარეობს: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული და ხელშეწყობილი არქეოლოგიური გათხრები; კულტურის სამინისტროს კონკურსის „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ გამარჯვებული პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, რომლის ბიუჯეტი წელს 15 ათას ლარს შეადგენს.
არქეოლოგიური გათხრები ვაშნარში
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ამჟამად მიმდინარეობს კვლევა-ძიებითი სამუშაოები, ძველი მონაკვეთების გაწმენდა და ახლების შესწავლა.
არქეოლოგიური გათხრები ვაშნარში
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკვე მოინახულა გათხრების ტერიტორია და არქეოლოგებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ საჭიროებებს, უკვე გათხრილი მასალის კონსერვაციისა და შენახვის საკითხებს.
არქეოლოგიური გათხრები ვაშნარში
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
უწყების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, არქეოლოგიურ სამუშაოებში სტუდენტების კიდევ მეტი ჩართულობისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
არქეოლოგიური გათხრები ვაშნარში
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ვაშნარი IV-VIII საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია თავისი ციხე-ქალაქებით, მოწამის განსასვენებლით - მარტირიუმით, საკათედრო ტაძრით - სამნავიანი ბაზილიკითა და სასიმაგრო სისტემით.
არქეოლოგიური გათხრები ვაშნარში
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ამ კომპლექსში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მარტირიუმი, მოწამის საფლავზე აგებული საკულტო დანიშნულების ნაგებობა. მეცნიერთა ვარაუდით სამონასტრო კომპლექსი IV საუკუნეში აიგო და მან VIII საუკუნის შუა წლებში შეწყვიტა არსებობა (სავარაუდოდ, დაინგრა მურვან ყრუს შემოსევის შედეგად).
ძეგლი, სამონასტრო ცხოვრებასთან ერთად, ქალაქის (სამრეწველო-სავაჭრო) ფუნქციასაც ითავსებდა. ძეგლის ფართომასშტაბიანი შესწავლა სიღრმისეულად წარმოაჩენს ადრეული შუა საუკუნეების ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიც არის გეგმარება, საგალავნო-დაცვითი სისტემის მშენებლობის სპეციფიკა, კოშკების გალავანთან კავშირი, საკულტო ნაგებობები.