ყაზბეგში კვლავ წვიმს: რა ვითარებაა ადგილზე

ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიური უბედურებით მიყენებულ ზარალს ითვლის.
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. დაბა სტეფანწმინდაში, სადაც 17 აგვისტოს ღვარცოფი ჩამოწვა, წვიმის მიუხედავად ღამემ მშვიდად ჩაიარა, იუწყება „რუსთავი2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილზე გეოლოგები მუშაობენ, ადგილობრივი ხელისუფლება კი სტიქიური უბედურებით მიყენებულ ზარალს ითვლის.
ადიდებულმა ხევმა დაბა სტეფანწმინდისა და სოფელ გერგეტის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა – დატბორილია გზები და რამდენიმე სახლის პირველი სართულები.
გეოლოგების დასკვნის მიხედვით, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. თარგმანის უბანში უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც დამცავი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, იყო ძალიან ძლიერი წვიმა სეტყვით, რომელიც დაახლოებით 4 საათი არ შეწყვეტილა. პირველადი შეფასებით, ცნობილია, რომ ღვარცოფი ადგილობრივებისთვის საფრთხის შემცველი არ ყოფილა, მაგრამ სპეციალისტების საბოლოო დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის.