თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. დღეს გურიაში, კურორტ ბახმაროში ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2023“ გაიმართება. ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.
ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. ბახმაროში დოღი ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება.
ღონისძიებაში ყოველწლიურად ათობით მხედარი მონაწილეობს სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. მონაწილეებისთვის დოღში გამარჯვება ღირსების საკითხია.
ღონისძიების მიზანია დოღის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია საქართველოში და ბახმაროს კურორტის განვითარება.
წელს ღონისძიება წყაროს წყალი „ბახმაროს", „ნაბეღლავის", „წყალი მარგებელის“, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართება.
წყაროს წყალმა „ბახმარომ" გამარჯვებულებისთვის ფულადი საპრიზო ფონდი 20.000 ლარი დააწესა.
ტრადიციული დოღი ბახმაროში
© courtesy of Bakhmaro Horse Racing Cup
შეჯიბრება 13:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ გარბენში: „გურიის თასი“ (1200 მეტრი), „ნაბეღლავის თასი“ (1200 მეტრი) და „ბახმაროს თასი“ (2400 მეტრი).
ბახმარო გურიის მხარეში ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით. ბახმაროში საკურორტო სეზონი ივნისის ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.
კურორტ ბახმაროს 2019 წლის დასაწყისში დაბის სტატუსი მიენიჭა, ხოლო გაზაფხულზე – მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.