მსოფლიო დღეს

პენტაგონი რუსეთს ბიოლოგიური იარაღის შექმნაში ადანაშაულებს - უახლესი ანგარიში

Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რუსეთი და მისი მოკავშირე რამდენიმე ქვეყანა აქტიურად ახორციელებენ ბიოლოგიური იარაღის შესამქმნელ პროგრამებს, ნათქვამია პენტაგონის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვის საკითხებს შეეხება.
დოკუმენტის თანახმად, ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი, დიდი ალბათობით, კვლავ ქმნიან სასიკვდილო ტოქსინებსა და პათოგენებს.

„ამ მიღწევებმა როგორც სინთეტიკურ ბიოლოგიაში, ისე პეპტიდების სინთეზში შეიძლება სახელმწიფოებს ახალი ტოქსინების ფართო სპექტრის შემუშავების საშუალება მისცეს", — ნათქვამია ანგარიშში.

პენტაგონი ასევე მიუთითებს, რომ რუსეთმა სრულად არ აღიარა, რომ ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად საბჭოთა პროგრამებს განაგრძობს, მას არ წარმოუდგენია მათი შეჩერების მტკიცებულება და კვლავაც მალავს ორმაგი დანიშნულების ბიოლოგიურ კვლევებს.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის ბიოლოგიური დაცვის სფეროში გადამწყვეტი მომენტი დადგა, და რომ მათ სწრაფად და მტკიცედ უნდა იმოქმედონ ბიოლოგიური იარაღის შემუშავებისა და სხვა კატასტროფული მოვლენების, მათ შორის პანდემიების მოსაგვარებლად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: შეერთებულმა შტატებმა ახალი პანდემიისთვის მზადება დაიწყო
გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია ირანისგან და ექსტრემისტული ორგანიზაციებისგან მომდინარე მზარდი საფრთხე.
რუსეთი, თავის მხრივ, აშშ-ს ადანაშაულებს ბიოლოგიური იარაღის შექმნაში. ორი დღის წინ, 16 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სამსახურის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ აშშ ახალი პანდემიისთვის ემზადება.