თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა უჩვეულო კოსმოსური ობიექტის ფოტოები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტელესკოპმა „ჯეიმს უებმა" გადაიღო.
ფოტოზე ასახულ ერთ-ერთ ობიექტს კითხვის ნიშნის ფორმა აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტელესკოპმა ფოტოები დედამიწიდან 1470 სინათლის წლით დაშორებულ ნისლეულ Herbig-Haro 46-სა და 47-ს გადაუღო, რომლებიც ახალგაზრდა ვარსკვლავების მიერ გამოტყორცნილი გაზისა და მტვრის ღრუბლების ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება.
NASA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ასახულია გრავიტაციული რკალები ელ-გორდოში — ასობით გალაქტიკის კრებულში, რომელიც არსებობდა მაშინ, როდესაც სამყარო 6,2 მილიარდი წლის იყო. მას „კოსმოსური მოზარდი" უწოდეს.
სწორედ ამ კადრში გამოარჩიეს ექსპერტებმა ერთი ადგილი, სადაც ნათლად ჩანს მკვეთრი ნარინჯისფერი, კითხვის ნიშნის მსგავსი ობიექტი.
„ეს შეიძლება იყოს შორეული გალაქტიკა ან პოტენციურად ურთიერთქმედი გალაქტიკები, რამაც შესაძლოა გამოიწვია კიდეც კითხვის ნიშნის ფორმის ჩამოყალიბება“, — აცხადებენ NASA-ში.
ასტროფიზიკოსების თქმით, ასეთი მოვლენა შესაძლოა ჩვენი გალაქტიკის მომავალიც იყოს, რომელიც ანდრომედის გალაქტიკას შეერწყმება დაახლოებით 4 მილიარდი წლის შემდეგ. რა ფორმას მიიღებენ ისინი ამგვარი შეერთების შედეგად, მეცნიერებმა არ იციან.