რუსულმა კოსმოსურმა სადგურმა მთვარის უკანა მხარის პირველი ფოტოები გადაიღო

Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. პლანეტათშორისმა სადგურმა „ლუნა-25“-მა პირველი სურათები გადაუღო მთვარის უკანა მხარეს, იუწყება „როსკოსმოსი".

„დღეს, მოსკოვის დროით 08:23 საათზე გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილია მთვარის უკანა მხარეს მდებარე სამხრეთ პოლარული კრატერი ზეემანი. კრატერის ცენტრის კოორდინატები სამხრეთ განედის 75 გრადუსს და დასავლეთ გრძედის 135 გრადუსს შეესაბამება", — ნათქვამია რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის განცხადებაში.

ზეემანის კრატერი მთვარის ზედაპირის უნიკალური ობიექტია, რომელიც მკვლევართა დიდ ინტერესს იწვევს, რადგან მის გარშემო არსებული მიწაყრილის სიმაღლე რვა კილომეტრს აღწევს შედარებით სწორი ზედაპირიდან.
„როსკოსმოსის“ განმარტებით, მიღებული ფოტოები „მნიშვნელოვნად ავსებს ამ კრატერის შესახებ არსებულ ცნობებს“.
ავტომატური სადგური „ლუნა-25" შექმნილია ლავოჩკინის სახელობის სამეცნიერო გაერთიანებაში. მისი მიზანია – გახდეს პირველი აპარატი, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსის ურთულესი რელიეფის ტერიტორიაზე რბილად დაჯდება. „როსკოსმოსში“ ელოდებიან, რომ ეს 21 აგვისტოს მოხდება.