თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ავტოავარია სოფელ ხამისკურთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი სადისტრიბუციო მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ჯერ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი ზუგდიდი–სენაკის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს.
შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრები დაშავდნენ, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.