თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოში საწვავის ფასები დაბალი რჩება, განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტმა ამირან იობაშვილმა.
ბოლო კვირების განმავლობაში ევროპის ბაზარზე ბენზინის ფასის ზრდა შეინიშნება.
„თუ ევროპას შევხედავთ, იქ ფასი მნიშვნელოვნად ძვირი იქნება, ვიდრე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ფასები ჩვენთან ცოტა გაიზარდა. ფასების ზრდა გამოწვეულია დეფიციტით და იმით, რომ რუსეთმა ექსპორტზე გადასახადი დააწესა. ამან ფასების გაზრდა გამოიწვია, თუმცა ჩვენთან ფასები დაბალი რჩება“, – განაცხადა იობაშვილმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, ერთ წელიწადში ბენზინის ფასი საქართველოში 29,8%-ით გაიაფდა, დიზელის საწვავი – 37,6%-ით.
ამ ეტაპზე საავტომობილო საწვავის ძირითადი მომწოდებელი საქართველოში რუსეთია. 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საავტომობილო საწვავის მოცულობამ ამ ქვეყნიდან მთელი იმპორტის 81,1% შეადგინა.
მომწოდებელთა ტოპ-ხუთეულში ასევე შედიან რუმინეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი.