თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრების კალათბურთელები იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ, სადაც პირველ შეხვედრას კაბო-ვერდეს წინააღმდეგ 26 აგვისტოს გამართავენ.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაცია ისტორიაში პირველად მიიღო. მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
„ძალიან კარგია, რომ იაპონიაში ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიქნებით, რადგან ეს აკლიმატიზაციაში დაგვეხმარება", – განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.
საქართველო F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო-ვერდესთან და ვენესუელასთან ერთად ითამაშებს.
„ვეცდებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშევი თითოეული წუთით სიამოვნება მივიღოთ და როდესაც შეჯიბრება დამთავრდება, ქართველი გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებით ამაყობდეს", – განაცხადა ზუროსმა.
მან აღნიშნა, რომ საკონტროლო თამაშებზე ქართული გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილია.
„მაგრამ ამ ტურნირზე დასახული მიზნის მისაღწევად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გამოსვლა იქნება საჭირო", – დაამატა ზუროსმა.
ტურნირის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩს საქართველოს ნაკრები 22 აგვისტოს უკვე იაპონიაში ავსტრალიის გუნდის წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მეოთხე პოზიცია უკავია.