საქართველოს ბევრი ღირსეული მეფე ჰყოლია, რომელთა შორის აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქართლის მეფე ლუარსაბ I — დავით მეათის ძე.
ირანის ძლევამოსილმა მბრძანებელმა შაჰ თამაზმა არაერთხელ ილაშქრა საქართველოში, მაგრამ ვერც ქართლი დაიმორჩილა და ვერც მისი მეფე ლუარსაბ პირველი ჩაიგდო ხელთ.
ფარსადან გორგიჯანიძე ლუარსაბ მეფეზე წერდა:
„ამის ჯავრით ხუთჯერ შაჰთამაზ ყაენმა იმაზედ ილაშქრა და ვერას ამბით ვერც მოამშვიდა და ვერც მოკლა და ვერც დაიჭრა და ვერც შეიხვეწია“.
ბერი ეგნატაშვილი ფრიად და ფრიად აფასებდა ლუარსაბ მეფის ღვაწლს:
„უკეთუმცა მეფესა ლუარსაბს ესოდენი ბრძოლა არ ექმნა, ახლამცა საქართველო ქმნილიყო სრულ სარკინოზ...“
ამ ხუთი ლაშქრობიდან ოთხში პირადად მონაწილეობდა შაჰ თამაზი, მეხუთედ განჯის ბეგლარბეგ შაჰვერდი სულთანს დაავალა ლუარსაბის წინააღმდეგ ბრძოლა.
1556 წელს, ლუარსაბის მმართველობის მიწურულს შაჰვერდი სულთანი დიდი ლაშქრით წამოვიდა თბილისისკენ. ქართლის მეფემაც გორიდან დაძრა ლაშქარი მტერთან შესახვედრად, რომელსაც თავისი უმამაცესი ვაჟი — ბატონიშვილი სვიმონი, შემდგომში მეფე სვიმონ I უსარდლა.
ომი გარისს მოხდა, მდინარე ხრამის ხეობაში. სვიმონმა ხერხს მიმართა: პირველივე შეტაკებაზე დაახევინა თავის ჯარს უკან, რათა მტერი მოხერხებულ ადგილზე შეეტყუებინა. ბეგლარბეგი ანკესს წამოეგო, გულდანდობილად მიჰყვა „უკან დახეულ“ ქართველებს და უცბად გვერდიდან ისე დაჰკრა ბატონიშვილის მთავარმა ძალამ „ვითარცა ლომმა ჯოგთა კანჯრისათა“.
ყიზილბაშებმა პირი იბრუნეს. ბეგლარბეგმაც იკადრა გაქცევა.
მხცოვანი ლუარსაბ მეფე ბრძოლაში არ მონაწილეობდა. რამდენიმე მოხუც თანამებრძოლთან და სასულიერო პირთან ერთად გორაკიდან ადევნებდა თვალს მოვლენებს.
ანაზდად უფლისწულ სვიმონის მიერ ოტებული მტრის ერთი რაზმი გამოჩნდა გორაკზე. მის მეთაურ მაჰმად სულთანს სწორედ იქიდან მოენდომებინა ალყიდან გასვლა. მაჰმადმა მეფე და მისი მცირერიცხოვანი ამალა რომ დაინახა, იფიქრა, ამ მიხრწნილ ბებრებსაც გადავთქერავ და სამშვიდობოს გავალო, და შეუტია მათ.
მეფემ კი, მოხუცმა მეფემ მეაბჯრეს შუბი გამოსტაცა და ელვასავით მოახტა ცხენს. დანარჩენებიც ამხედრდნენ — კათალიკოსი, ეპისკოპოსნი, ბერნი და წელთა სიმრავლით დამძიმებული ერისკაცნი. ფიცხლად ეძგერნენ ყიზილბაშებს ქართველები და „უძლურებაში მყოფმა“ ლუარსაბმა ისეთი სიჩაუქე გამოავლინა, ისე ციბრუტივით დატრიალდა ბრძოლის ველზე, რომ მარტო მტერი კი არა, თავისიანებიც განაცვიფრა.
მოიქცა ზუსტად ისე, როგორც მუდამ შთააგონებდა თავის ლაშქარს:
„მამაცმან კაცმან უნდა თავის თავი მგელს ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვარი ეგონოს“.
და, მაინც, მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა. გახურებულ ბრძოლაში მეფის ისედაც მცირე ამალა კიდევ მეტად შეთხელდა. თუმცა არც ყიზილბაშებს ედგათ კარგი დღე — ერთმანეთის მიყოლებით ეცემოდნენ ლუარსაბის მიერ განგმირულნი.
ბოლოს შუბი შემოემტვრა გმირ მეფეს, ხმალი შეაგება მოვარდნილ თურქმანს და მიწას დაანარცხა თავგაჩეხილი.
მერე კიდევ ერთი ყიზილბაში შეეწირა მის მოქნეულ მახვილს, მაგრამ ვადაში გადაუტყდა ხმალიც. და თითქოს ამას ელოდა მაჰმად სულთანი, ელვასავით მიეჭრა უიარაღოდ დარჩენილ მეფეს ხმალშემართული. მაგრამ დაასწრო ლუარსაბმა, „განაფიცხა ტაიჭი თვისი“, ყალყზე შეაგდო თავისი ცხენი და „შეაძგერა ცხენსა მაჰმად სულთანისასა“.
ცხენიანად ძირს დაენარცხა სულთანი. მერე დანარჩენებსაც დაერია ლუარსაბ მეფე ცხენის ძგერებით:
„რამეთუ ყოველივე საბრძოლველი იარაღი დაემსხვრია მეფესა, იბრძოდა ცხენითა თვინიერ საჭურველისა“.
კიდევ ბევრი ყიზილბაში გადათელა მეფის საბრძოლო ცხენმა და ბევრსაც გადათელავდა, უიღბლობის მსხვერპლი რომ არ შექმნილიყო: მოულოდნელად ნაპრალში ჩაუვარდა ფეხი ცხენს, ისიც წაიქცა და მეფეც ქვეშ მოიყოლა.
ცხენი კი წამოხტა მაშინვე, მაგრამ მეფეს არ დასცალდა წამოდგომა. ვინმე ყიზილბაში, სახელად ზაქირ, მიეჭრა და ისარი აძგერა ლუარსაბს (სხვა ვერსიით, მთელი ძალით დაჰკრა მახვილი უმუზარადო თავზე), მერე მის ცხენს მოახტა და გაქუსლა. მაგრამ წამოეწივნენ ქართველები მეფის მკვლელს და წირვა გამოუყვანეს.
მერე მაჰმად სულთანსაც მისწვდნენ და ისიც აკუწეს, ხოლო „სპანი მისნი ყოველნივე ამოსწყვიტეს“.
ამასობაში ბატონიშვილმა სვიმონმაც გაანადგურა შაჰვერდი სულთნის ჯარი და ასე გაასრულა გარისის ბრძოლა, რომელმაც 1000 ქართველი და 8000 ყიზილბაში შეიწირა.
ბატონიშვილ სვიმონს ომში გამარჯვების სიხარული მამის სასიკვდილოდ დაჭრის ამბავმა გაუნელა...
დიდხანს აღარ უცოცხლია ლუარსაბს, ანდერძად დაიბარა, ჩემ გლოვას დაეხსენით, ქვეყანას გაუფრთხილდითო და აღესრულა.
სვეტიცხოვლის ტაძარში, მეფეთა განსასვენებელში დაკრძალეს „კაცი ბრძენი და გონიერი... ღვაწლ-მრავალი ბრძოლასა და შინა მხნე და ახოვანი და მებრძოლი, ლომებრ ძლიერი და სარდალი კეთილი... გულოვანი, უხვი და უშურველი, სამართლიანი. ყმა-მორჩილი, ცხენოსან-ცეროსანი, ომში კოხტა და უშიშარი, მაგარი ქრისტიანი, ურუმთა და ყიზილბაშთა ნამეტნავად მისგან რომ ეშინოდათ...“