EG.5: საქართველოში ომიკრონის ახალი ქვეტიპის შემთხვევები გამოვლინდა

ომიკრონის ახალ ქვეტიპს კორონავირუსის წინა ვერსიების მსგავსი სიმპტომები აქვს, განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ინფექციონისტებმა საქართველოს მოსახლეობაში კორონავირუსის ომიკრონ-შტამის EG.5-ის ახალი ვარიანტის შემთხვევები დააფიქსირეს, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა გიორგი კამკამიძემ.
სპეციალისტები გაციების და გრიპის სიმპტომების მქონე მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან.

„სამწუხაროდ, ეს ვირუსი კვლავ აგრძელებს მუტაციას. ჩნდება ახალი ვარიანტები და ერთ-ერთი მათგანია ომიკრონის ქვეტიპი EG.5. ჩვენი ლაბორატორიის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – 50%-ზე მეტი. საუბარია მათზე, ვინც ტესტი გაიკეთა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კამკამიძემ.

მისი თქმით, მძიმე შემთხვევები, ასევე ლეტალური შემთხვევები კვლავ რჩება, მაგრამ მათი მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
ომიკრონის ახალ ქვეტიპს აქვს კორონავირუსის წინა ვერსიების მსგავსი სიმპტომები – ხველა, კუნთების და ყელის ტკივილი, სისუსტე და ცხელება. ვირუსი საშიშია რისკის ქვეშ მყოფი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
ინფექციონისტები აღნიშნავენ, რომ სწრაფი ტესტი არ ავლენს ახალ შტამს და პაციენტებს ურჩევენ PCR ტესტის გაკეთებას.
„ჩვენ უნდა ფეხდაფეხ მივყვეთ ამ ვირუსს და შემოვიტანოთ ისეთი ვაქცინები, რომლებიც ამ დროისათვის არის აქტუალური“, – განაცხადა კამკამიძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მსოფლიოში ომიკრონ-შტამის ახალი ვერსიის EG.5-ის სწრაფი გავრცელების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. ინფექციონისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველო, ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექციას 16.811 ადამიანი შეეწირა. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2,8 მილიონზე მეტი აცრა ჩატარდა.