რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: შეერთებულმა შტატებმა ახალი პანდემიისთვის მზადება დაიწყო

Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა მომდევნო პანდემიისთვის მზადება დაიწყო და ვირუსების ახალ მუტაციებს ეძებს, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა.

„შეერთებულმა შტატებმა, 2019 წლის მსგავსად, ახალი პანდემიისთვის მზადება დაიწყო ვირუსების მუტაციების ძიებით. არ გამოვრიცხავთ შეერთებული შტატების მიერ ე.წ. თავდაცვითი ტექნოლოგიების გამოყენებას შეტევითი მიზნებისთვის, ასევე გლობალური მმართველობის მიზნით ბიოლოგიური ხასიათის კრიზისული სიტუაციების შექმნის გზით", — განაცხადა მან ბრიფინგზე.

2023 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში შეიქმნა პანდემიებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების პოლიტიკის სამმართველო, რომელსაც პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე, ეროვნული უშიშროების საბჭოში ჯანდაცვის გლობალური უსაფრთხოებისა და ბიოდაცვის უფროსი დირექტორი, საჰაერო ძალების გენერალ-მაიორი პოლ ფრიდრიხსი ხელმძღვანელობს.
კირილოვის თქმით, ამ სტრუქტურის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის არის ვაქცინებისა და პრეპარატების შექმნა ვირუსებისა და მათი გენეტიკურად შეცვლილი ვარიანტების შესაკავებლად, ასევე ბიოწარმოებაში მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა.
როგორც კირილოვი ამბობს, ვაშინგტონის შემდეგი ნაბიჯი ბიოლოგიური გარემოს გლობალური კონტროლისკენ არის მიმართული.