რენატ აბდულინი
კიევზე ფოკუსირებით თეთრი სახლი პარტნიორებს კარგავს. ამერიკული მასმედია სულ უფრო და უფრო მეტად გამოთქვამს შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პოტენციური მოკავშირეები ალტერნატივად აშშ-ის მოწინააღმდეგეებს — მოსკოვსა და პეკინს განიხილავენ, წერს რია ნოვოსტის მიმომხილველი.
„გლობალური შეშფოთება"
გამოცემა Newsweek-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მთავარი თემაა რუსეთსა და ლიბანს შორის ურთიერთობები. როგორც ავტორი აღნიშნავს, „კრემლი შეუმჩნევლად შეეცადა ესარგებლა თავისი მზარდი გავლენით ახლო აღმოსავლეთში". ეს იმის გამო ხდება, რომ შეერთებულმა შტატებმა დატოვა ყველა მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიმართულება უკრაინის გარდა.
მოსკოვისთვის ბეირუთთან დაახლოებამ შეიძლება ახალი პორტები და სავაჭრო ბაზრები გახსნას. Newsweek-ის კოლუმნისტის აზრით, ეს, თავის მხრივ, დასავლური სანქციების გვერდის ავლას გამოიწვევს.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იგორ მატვეევი აღნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია მიიღოს ლიბანის ენერგეტიკულ სექტორსა და ბუნებრივ რესურსებზე წვდომა, ერთობლივი პროექტების გააქტიურება.
ბეირუთი არ არის ერთადერთი მოკავშირე, რომელიც აშშ-ს მოსკოვის გამო აწუხებს. მისი ახლო აღმოსავლეთის აქტივობა მოიცავს სირიაში გაძლიერებას, აფრიკის ქვეყნებთან (რაც ახლახან სანქტ-პეტერბურგის სამიტმა აჩვენა) და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან დაახლოებას.
ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში "აქცენტს რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის საფრთხეებზე აკეთებენ".
„ჩვენი შეშფოთება მისი აქტიურობით არის გლობალური და არა რომელიმე ერთი ქვეყნის მიმართ", — დასძინა მან.
ყურის მონარქიები ბაიდენის წინააღმდეგ
ერთი კვირის წინ The New York Times-მა გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის პოზიციების დაკარგვის შესახებ. ყურადღების ცენტრშია არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE).
„არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც თავის სიმდიდრეს უზარმაზარ გლობალურ გავლენად აქცევს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას არ ეთანხმება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის იზოლაციას და ჩინეთთან ურთიერთობის შეზღუდვას ეხება", — წერენ ავტორები.
შეიხი მუჰამედ ბენ ზაიდი — ამერიკის მთავარი მოკავშირე რეგიონში — ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორჯერ ეწვია რუსეთს, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვედროდა. ივნისში კი საამიროები „აღინიშნა, როგორც საპატიო სტუმარი რუსეთის ლიდერის მთავარ საინვესტიციო ფორუმზე (პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი)", — წერს გამოცემა.
ამასთან შეიხი აშშ-ში 2017 წლიდან არ ჩასულა, მას შემდეგ კი პრობლემები მხოლოდ გაიზარდა. მაგალითად, 2021 წელს საამიროების მიერ გამანადგურებელ F-35-ების შეძენის გარიგება შეჩერდა.
„შეუძლია თუ არა ამერიკულ სისტემას, ნამდვილად ის მოგცეთ, რაც გსურთ?" —კითხულობს მუჰამედ ბენ ზაიდის დიპლომატიური მრჩეველი ანვარ გარგაში.
აგვისტოში ემირატებისა და ჩინეთის სამხედრო-საჰაერო ძალები პირველად აპირებენ ერთობლივ წვრთნებს. თუმცა ადრე არაბთა გაერთიანებული საამიროები თავდაცვის საკითხებში პირველ რიგში ამერიკის მხარდაჭერას ეყრდნობოდა.
„რასაც ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო წესრიგში — ეს არ არის აუცილებლად მრავალპოლარული სამყარო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ უფრო ცვალებად სამყაროს", — განუცხადა NYT-ს არგაშმა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასულ წელს ის გაცილებით მკაცრად გამოეხმაურა დასავლური ჰეგემონიის "ბოლო დღეებს“.
ამერიკელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ გაერთიანებული საამიროები ფაქტობრივად "წერს სცენარს", რომელსაც სხვა ქვეყნებიც იძენენ. მაგალითად, საუდის არაბეთის სამეფო, რომელიც ასევე უპირისპირდება ვაშინგტონს. ეს იგრძნობა პირად ურთიერთობებშიც.
გასულ წელს ყურის ქვეყნების მმართველები ჯო ბაიდენთან ტელეფონით საუბარზეც კი უარს ამბობდნენ და მთელი საგარეო პოლიტიკის გადახედვაზეც. გაზაფხულზე საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეთანხმება გააფორმა, თანაც ჩინეთის შუამავლობით. ამერიკელები, რომლებიც ირანზე ზეწოლას აგრძელებენ, უბრალოდ, დააიგნორეს.
„უკანა ეზო“ წინ მიიწევს
აშშ-ს წარუმატებლობა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში არ ემუქრება. ვაშინგტონი კარგავს პოზიციებს ლათინურ ამერიკაშიც, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში თავის "უკანა ეზოდ" თვლიდა. რუსეთთან და ირანთან ურთიერთობების გამწვავების შემდეგ აშშ ცდილობდა ვენესუელის მხარდაჭერა მიეღო ნავთობის საკითხებში. ბოლივარის რესპუბლიკა დიდი ხანია ამერიკის სანქციების ქვეშაა. იმის სანაცვლოდ, რომ ისინი ეტაპობრივად მოეხსნა, თეთრი სახლი იმედოვნებდა, რომ ვენესუელის ნავთობზე წვდომას მიიღებდა.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხუან გუაიდოს დაპირება არ გამართლდა, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ძალაუფლება მხოლოდ გაიძლიერა და დათმობას არც აპირებს. ზოგიერთ დასავლურ კომპანიას რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების ნებართვა მიეცა, მაგრამ აშშ-სთვის მოსალოდნელი დაახლოება არ მოხდა, აღნიშნავს ელიოტ აბრამსი, ვენესუელაში ამერიკის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი.
უფრო მეტიც, როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოსთვის (New York-ში დაფუძნებული), მისი თანამდებობაც კი გაუქმდა. ანუ ვაშინგტონსა და კარაკასს შორის კავშირი უფრო სუსტია, ვიდრე ადრე იყო.
ბრაზილია, რომელიც რუსეთთან და ჩინეთთან ერთად BRICS-ის წევრია, ასევე აჩენს კბილებს. ლათინური ამერიკის ქვეყანა, რომლის ახალი პრეზიდენტი ლულა და სილვაა, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, აძლიერებს თანამშრომლობას პეკინთან და ცდილობს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი გახდეს.
ამ სცენარის განხორციელების შემთხვევაში, ბრაზილიელები ვეტოს უფლებას რომ მიიღებენ, საერთაშორისო დონეზე პროამერიკული გადაწყვეტილებების მიღების ახალი დაბრკოლება გახდებიან. თუმცა, ჯერჯერობით რუსეთისა და ჩინეთის უფლებამოსილება საკმარისია.
ყველას იმედგაცრუება
დაბოლოს, ამერიკელებს აქვთ პრობლემები იქ, სადაც, ერთი შეხედვით, უთანხმოება მინიმალური უნდა იყოს. ნატოს პარტნიორი თურქეთი უკვე მრავალი წელია დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რომელიც აშკარად რუსეთისკენ არის მიმართული. ანკარაზე გავლენის მოხდენა ვერ ხერხდება ვერც აშშ-ის მრისხანე რიტორიკით და ვერც ისეთი აკრძალვითი ზომებით, როგორიცაა საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისა და მიწოდების პროგრამის შეზღუდვა.
ამასთან, ახლა თურქები უფრო ძლიერი პოზიციით გამოდიან, ვიდრე ადრე. პრეზიდენტ ერდოღანის ხელში ატლანტიკური ალიანსის მომავალია. თურქეთი არ უშვებს შვედეთს ნატოში. და მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლი ირწმუნება, რომ მწვანე შუქი მხოლოდ დროის საკითხია, წინსვლა არ ჩანს.
აშშ-ის ევროკავშირელი პარტნიორები შეშფოთებული არიან დისკრიმინაციული „კანონით ინფლაციის შესახებ“, რომელიც ზღუდავს ევროპელი მიმწოდებლების უფლებებს ამერიკის მწვანე ენერგიის ბაზარზე. საპასუხო ზომები უკვე მიღებულია და, როგორც ჩანს, მხოლოდ გაფართოვდება.
ევროპელების მსგავს პრეტენზიებს გამოთქვამს სამხრეთ კორეაც, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი აზიური ფორპოსტია. იაპონიამ, რომელიც შეშფოთებული იყო ტაივანის ირგვლივ მზარდი ამერიკული დაძაბულობით, გადაწყვიტა სიტუაცია საკუთარ ხელში აეღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, სექტემბერში ჩინეთთან უმაღლესი დონის ორმხრივი მოლაპარაკებები შეიძლება გაიმართოს.
აშშ-სთვის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინის რელსებიდან მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკისკენ დაბრუნება ქვეყანას ახლა პრაქტიკულად არ შეუძლია. კიევის მხარდაჭერა ერთ-ერთი შეხების წერტილია ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.
ასეთ პირობებში ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უარს ამბობენ შეერთებულ შტატებზე, არა მხოლოდ არ შემცირდება, არამედ, სავარაუდოდ, გაიზრდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორი მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე