თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურმა MI6-მა აფრიკაში გასაგზავნად დივერსიულ-სადამსჯელო დანაყოფი მოამზადა, რომელიც უკრაინელი ბოევიკებისგან შედგება, იუწყება „რია ნოვოსტი“ სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს თქმით, აღნიშნული დანაყოფის ამოცანა აფრიკის რუსეთთან თანამშრომლობისთვის ხელის შეშლაა.
„რამდენიმე წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, აფრიკის ქვეყნებისა და რუსეთის თანამშრომლობის განვითარებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ბრიტანეთის სპეცსამსახურმა MI6-მა შექმნა და სამხრეთ კონტინენტზე გასაგზავნად მოამზადა დივერსიულ-სადამსჯელო რაზმი, რომელიც უკრაინული ნაციონალისტური და ნეონაცისტური ფორმირებების მებრძოლებისგან შედგება", — განუცხადა სააგენტოს წყარომ.
მისი თქმით, ლონდონის თხოვნით უკრაინის ხელისუფლებამ ივლისში შესაბამისი მითითებები მისცა ქვეყნის უშიშროების სამსახურს, დაზვერვის მთავარ სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს – რომ „მაქსიმალურად და ოპერატიულად დაეხმარონ“ MI6-ისა და SAS-ის წარმომადგენლებს „უკრაინული ნაციონალური ფორმირებებიდან 100 ბოევიკის შერჩევაში“, რომლებსაც მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილება აქვთ „აღმოსავლეთ ფრონტზე".
როგორც წყარო ირწმუნება, სპეცჯგუფის მიზანი, რომელსაც უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიცერი ვიტალი პრაშჩუკი ხელმძღვანელობს, იმ აფრიკელი ლიდერების ლიკვიდაციაა, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობას ცდილობენ.
მისი განმარტებით, ქვედანაყოფის გაგზავნა აგვისტოს მეორე ნახევარში იგეგმება. უკრაინულმა გემმა მებრძოლები იზმაილის პორტიდან სუდანის ქალაქ ომდურმანში უნდა მიიყვანოს.