თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. კომპანიამ Cellfie Mobile, რომელმაც ქართულ ბაზარზე მობილური კავშირის ოპერატორი „ბილაინი“ ჩაანაცვლა, 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად ლიცენზია შეიძინა.
ივლისში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. სხვა ყველაფერთან ერთად აუქციონი საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების გაჩენასაც ითვალისწინებს.
კომპანიამ ლიცენზია 2,6 მლნ ლარად შეიძინა. მას რამდენიმე აუქციონში მოუწევს მონაწილეობის მიღება.
საქართველოს მობილური ქსელის ორმა უდიდესმა ოპერატორმა – „მაგთიკომმა“ და „სილქნეტმა“ აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
კომპანია Cellfie Mobile-ს 1 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს, აქედან 928 ათასი მობილურ ინტერნეტს იყენებს.