საქართველოში 2022 წელს განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაზუსტდა

შესაბამისი ცვლილებების ძირითად მიზეზად რამდენიმე საწარმოს მიერ რეინვესტირების მაჩვენებლისა და სესხების მოცულობის დაზუსტება დასახელდა
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წელს, განახლებული მონაცემებით, 2021 წლის განახლებულ მონაცემებთან შედარებით 67,5%-ით გაიზარდა და 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
„საქსტატის“ ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებების მთავარი მიზეზი რამდენიმე საწარმოს მიერ რეინვესტირების მაჩვენებლისა და სესხების მოცულობის დაზუსტებაა. 2023 წლის მარტში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ინვესტიციები 97,9 მილიონით ნაკლები იყო და თითქმის 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ინვესტიციების ზრდის მიზეზად დასახელებულია კომპანიების საწესდებო კაპიტალის და რეინვესტირების ზრდაა.
ინვესტიციები საქართველოში 2022 წელს. ქვეყნების ტოპ-სამეული

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

წილი ინვესტიციებში, %

დიდი ბრიტანეთი

437,0

20,8

ესპანეთი

360,5

17,2

ნიდერლანდები

196,2

9,4

ინვესტიციები ასევე შემოვიდა აშშ-დან, ირლანდიიდან, რუსეთიდან, ჩეხეთიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

სად აბანდებენ?

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავი ქონება, ასევე წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა.
ინვესტიციები საქართველოში 2022 წელს. დარგების ტოპ-სამეული

დარგი

მოცულობა, მლნ დოლარი

წილი ინვესტიციებში, %

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა

538,0

25,6

უძრავი ქონება

366,5

17,5

წყალმომარაგება

197,2

9,4

ინვესტიციები ასევე განხორციელდა ვაჭრობაში, მშენებლობაში, ხელოვნებაში, დასვენებისა და გართობის სფეროში, ინფორმაციასა და კომუნიკაციებში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში.

რეინვესტიციები

ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რეინვესტიციის დიდი მოცულობა გახდა – იგი 78,5%-ით გაიზარდა და 1,4 მლრდ დოლარი შეადგინა. 2021 წელს რეინვესტიციის მოცულობამ 772 მლნ დოლარი შეადგინა.
ხელისუფლება და ექსპერტები რეინვესტიციის დიდი მოცულობის მიზეზად საგადასახადო სისტემაში ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვას ასახელებდნენ.
2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საგადასახადო სისტემის ე.წ. ესტონური მოდელი, რომლის მიხედვითაც, გადასახადებისგან თავისუფლდება საწარმოთა მოგების ის ნაწილი, რომელიც წარმოების განვითარებისკენაა მიმართული. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგება გადასახადის განაკვეთზე 15%-ს შეადგენს.

საინვესტიციო პოლიტიკა

მთავრობის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირება თავიდან მოხდება. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა, ქვეყანა ახლებურ პოზიციონირებას აპირებს.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
გარდა ამისა, მიიღებენ კანონს „მეწარმეთა შესახებ", რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს იტყვის ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი ექნებათ.
წყარო - საქსტატი